მესტია შეიძლება “დემპინგის ქეისების” სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული, - ამის შესახებ რეგიონში ფასწარმოქმნის პრობლემაზე საუბრისას, მესტიაში მდებარე სასტუმროს “ფალიანი” დამფუძნებელმა, ეკატერინე გველესიანმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისივე განმარტებით, სვანეთში ახლად გახსნილი სასტუმროები განთავსების ღირებულებად, ძალიან დაბალ ფასს ადებენ, შესაბამისად ბაზარი ფუჭდება და სხვა სასტუმროებს კონკურენციის გაწევის მიზნით, ფასების დაწევა უწევთ.
„მესტია შეიძლება “დემპინგის ქეისების” სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული, როდესაც სახეზე გვაქვს ახალგაჩენილი კონკურენტი სასტუმროების მიერ ისეთი მტაცებლური ფასწარმოება, რომლებიც განთავსების ღირებულებად ხუთჯერ და ექვსჯერ დაბალ ფასებს ადებენ. რაც კატასტროფაა, რადგან მესტიას ანადგურებენ და ძალიან დაბალი დონის კურორტად აქცევენ.
ალბათ ძალიან არ უნდა გიყვარდეს შენი რეგიონი, რომ ასე იქცეოდე. მით უმეტეს, მესტიის შემთხვევაში, რომელსაც ისეთი პოტენციალი ჰქონდა და ალბათ აქვს (თუმცა ვერ ვრჩებით ოპტიმისტურად), რომ თავისუფლად შეეძლო კონკურენცია გაეწია იგივე შვეიცარიისთვის, რაც ჩვენი ოცნება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ოცნება თანდათან აუხდენელი რჩება”, - ამბობს ეკატერინე გველესიანი.
მისივე შეფასებით, დემპინგური ფასები სასტუმრო ბიზნესს დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს, განსაკუთრებით იმ სასტუმროებს, რომლებიც კეთილსინდისიერი სასტუმროები არიან და საბანკო ვალდებულებები აქვთ.
“სასტუმროების დონეზე უდიდეს ფინანსურ ზიანს ვიღებთ. მით უმეტეს ის სასტუმროები, რომლებიც კეთილსინდისიერი სასტუმროები ვართ, საბანკო ვალდებულებები გაგვაჩნია და არა კორუფციით მიღებული თანხებით აშენებული სასტუმრო ვართ. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მძიმეა. ბანკთან მუდმივად მოლაპარაკებების პროცესში ვართ და სესხების რესტრუქტურიზაციას ვცდილობთ”, - აცხადებს “ფალიანის” დამფუძნებელი.




























