მესტიაში პირველი ფიტნეს ცენტრი გაიხსნა. ცენტრის დამფუძნებელმა ლალი პავლიაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რომ თბილისიდან მესტიაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ნახა, რომ იქ არ არსებობდა სივრცე, სადაც მომხმარებელი განტვირთვასა და ვარჯიშს შეძლებდა, ამიტომ "Step Up Mestia"-ს შექმნა გადაწყვიტა.
მისი თქმით, ცენტრი მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობაზეა ორიენტირებული.
"განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობით დაკავების შესაძლებლობა გოგოებს არ ჰქონდათ, რადგან ბიჭებისთვის უფრო იყო კრივის და მსგავსი დარბაზები. რა თქმა უნდა, დამსვენებლებსაც შეეძლებათ ჩვენს ფიტნეს ცენტრში სტუმრობა, თუმცა ეს ყველაფერი მე ადგილობრივების ყოველდღიურობის გასაუმჯობესებლად შევქმენი,’’ - განაცხადა ლალი პავლიაშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად "Step Up Mestia’’-ში ერთდროულად ვარჯიში 10-12 ადამიანს შეუძლია, თუმცა აბონემენტები ისეა განაწილებული, რომ დღის განმავლობაში სერვისით სარგებლობას 40-მდე ადამიანი შეძლებს.
რაც შეეხება გამოწვევებს, ფიტნეს ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ძირითადად ყოველდღიურ პრობლემებს უკავშირდებოდა, თუმცა ძირითადი პრობლემა მაინც ადგილობრივი კადრების დეფიციტია.
"განსაკუთრებული პრობლემები არ მქონია, თუმცა იყო ყოველდღიური, რუტინული გამოწვევები - ვერ ვშოულობდი მუშებს, ხანდახან ისე არ გამოდიოდა ყველაფერი, როგორც დაგეგმილი მქონდა. ასევე, ინსტრუქტორისა და მასაჟისტის თბილისიდან ჩამოყვანა მიწევს, მათ ჩამოსვლამდე ორნი ვართ დასაქმებული, თუმცა, როცა კადრები დაგვემატებიან, საერთო ჯამში 5-6 ადამიანი ვიქნებით,’’ - აცხადებს ლალი პავლიაშვილი.
მისი თქმით, სამომავლოდ ახალი სერვისების დამატება იგეგმება, რისთვისაც კადრების გადამზადება მოუწევთ:"მალე იოგის სპეციალისტად ადგილობრივ კადრს გადავამზადებთ, ასევე დაემატება აერობიკა, ზუმბა და სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები".
რაც შეეხება "Step Up Mestia’’-ს აბონემენტის საფასურს, ის დროის ხანგრძლივობისა და მონაკვეთის მიხედვით იცვლება.
"შუა დღეს ყველა დაკავებულია, ამიტომ საფასური უფრო ნაკლებია, რადგან მომხმარებელს ამით ვიზიდავთ, დილას და საღამოს კი უფრო ძვირია, საერთო ჯამში საფასური 50-130 ლარს შორის მერყეობს,’’ - ამბობს ლალი პავლიაშვილი.
ცნობისთვის: მესტიის პირველი ფიტნეს ცენტრი "ევროკავშირისა და ავსტრიის" დაფინანსებით შეიქმნა, გრანტი 70 000 ლარს შეადგენდა, რასაც ლალი პავლიაშვილმა პირადი ინვესტიციაც დაუმატა, რომლის ოდენობასაც ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.




























