მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასეთი ინფრასტრუქტურით შეუძლებელია ტურიზმზე ამბიცია გვქონდეს“ - მესტიის სასტუმროების გამომწვევები

648ab3cd30376
ლიკა მეგუთნიშვილი
19.06.23 00:45
1368
მესტიის საზაფხულო სეზონი 8 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა და ქალაქში ტურისტების სიმრავლე უკვე შესამჩნევია.

მიუხედავად ვიზიტორების ნაკადის დადებითი დინამიკისა, როგორც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, ეს საკმარისი არ არის. მათი თქმით, სვანეთს ბევრად დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის სრულად ათვისებასაც რეგიონში არსებული არაერთი გამოწვევა აფერხებს.

როგორც სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მესტიისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც ტურისტებს დიდ დისკომფორტს უქმნის, ქალაქის მოუწესრიგებელი გზები და ინფრასტრუქტურაა.

„გზა საკმაოდ პრობლემურია. ფაქტობრივად, მის გაკეთებამდე რა მდგომარეობაშიც იყო, იმავე ნიშნულს უბრუნდება, იმდენად გაფუჭებულია. ასეთი ინფრასტრუქტურით შეუძლებელია, ტურიზმზე დიდი ამბიცია გვქონდეს. ამ წუთას რაც გვაქვს არის ის, რაც ისედაც გვაქვს - კარგი ბუნება და სტუმარ-მასპინძლობა“, - აღნიშნავს სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელი თათია თეთრაშვილი.

სასტუმრო „ჩათინის“ დამფუძნებელი, თათია ჯაფარიძე კი აღნიშნავს, რომ მოუწესრიგებელი გზების გამო მესტია ტურისტებს კარგავს.

„დიდი რაოდენობა ტურისტის არ ჩამოდის, უფრო სწორად, ვისაც ჩამოჰყავს ტურისტები ისინი ცდილობენ, რომ აქ არ ამოიყვანონ. ეს იმიტომ, რომ ძალიან ცუდი გზაა და მანქანები ამ გზაზე ნადგურდება“, - აცხადებს თათია ჯაფარიძე.

როგორც მესტიის სტუმარ-მასპინძლობის სექტორში აღნიშნავენ, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურასთან ერთად არანაკლებ პრობლემაა ისიც, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს და გადაადგილება არც თუ ისე მცირე ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

„მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობა ერთი მხრივ ტურისტებს უქმნის პრობლემას, რადგან მცირე მანძილზე მისასვლელადაც იძულებულები არიან, რომ საკმაოდ ძვირიან ტაქსის მომსახურებით ისარგებლონ. ბუნებრივია, ეს მათთვის სასიამოვნო ნამდვილად არ არის. გარდა ამისა, ეს პრობლემას ქმნის ადგილობრივებისთვისაც, რომლებიც მუშაობენ მესტიაში, მაგრამ მის შემოგარენში ცხოვრობენ. მათთვის სამსახურამდე მოსვლა და შემდეგ სახლში დაბრუნება არის პრობლემა“, - განაცხადა სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა, ეკა გველესიანმა.

ეკა გველესიანი ასევე აღნიშნავს რომ, ქალაქისთვის კიდევ ერთ პრობლემად კვლავ ელექტროენერგიის მიწოდებაა.

„ახლა ხომ ზამთარი არ არის და ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემას გათბობასა და გადატვირთულ ხაზებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. შუქი კვლავ ითიშება ხოლმე. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინაც გაითიშა რამდენიმე საათით. ეს პრობლემა კი პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ რეგიონი გაზიფიცირებული არ არის“, - აღნიშნავს სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელი, ეკა გველესიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები