მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში სათემო ორგანიზაცია - "თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის" ამოქმედდა

თემი

"თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის," − ასე ჰქვია სათემო ორგანიზაციას, რომელიც მესტიაში სულ რამდენიმე თვეა ამოქმედდა.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და სასტუმრო „ფალიანის“ მფლობელმა, ეკატერინე გველესიანმა განაცხადა, ორგანიზაცია სვანეთში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად აქტიურად იმუშავებს.

"ზოგადად ტურიზმს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. სამწუხაროდ სვანეთში გვაქვს უარყოფითი გავლენის მაგალითებიც, როგორიცაა არქიტექტურული დაბინძურება, ეკოლოგიური საფრთხეების უგულებელყოფა, ტყის მასივების განადგურება - ამ პრობლემებზე ჩვენი სათემო ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს,“ - განაცხადა ეკატერინე გველესიანმა.

ორგანიზაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ დონორი ორგანიზაციების დახმარებით, იგი არაერთ პროექტს ახორციელებს, რომლებიც თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას ემსახურება და მეორე მხრივ, ეხმარება ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაში.

"მიმაჩნია, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის ხელში უნდა იყოს მართვის სადავეები, როდესაც საქმე მათ გარემოში მიმდინარე პროცესებს ეხება. ქვეყნის გზა წარმატებისკენ სოციალურ აქტივიზმზე და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე გადის,“ − განაცხადა ეკატერინე გველესიანმა და დასძინა, რომ იგი საკუთარ გუნდთან ერთად ცდილობს ადგილობრივები იმ პროფესიონალებთან დააკავშიროს, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ.

გველესიანის თქმით, ამ ეტაპზე, ორგანიზაცია რეგიონში არსებულ ისეთ გამოწვევებზე მუშაობს, როგორებიცაა: რესურსების არათანაბარი გადანაწილება; სოფლების არათანაბარი განვითარება; ოვერტურიზმი; გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური საფრთხეები; კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება; სოციალური საკითხები; ეკონომიკური პრობლემები; მოსახლეობის პასიურობა და სხვა.

ორგანიზაციის დამფუძნებლის ცნობით, მან 2023 წელს პირადი სამოქალაქო ინიციატივის ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდისგან, ასევე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსგან და რონდელის ფონდისგან მოიპოვა გრანტები პროექტებისთვის სათემო ორგანიზაცია "თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის", რომლებიც სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისკენ არის მიმართული.