მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტვირიშვილი: დადგა დრო, შეიქმნას ჰეჯირების და რისკების მართვის უკეთესი შესაძლებლობები დერივატივების გამოყენებით

5e26c105cc657
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.20 13:22
1495
"დადგა დრო, რომ შეიქმნას ჰეჯირების და რისკების მართვის უკეთესი შესაძლებლობები დერივატივების გამოყენებით," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტის მიერ დერივატივების კანონის მიღების შესახებ. 

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ახალი კანონი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

"ახალი კანონის ძირითადი მიზანია დერივატივების ბაზრის განვითარებისათვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. საქართველო, არაერთი სახელმწიფო რეფორმის და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, ბოლო წლებში წარმატებით ავითარებს ლარის ფულად და კაპიტალის ბაზრებს. დადგა დრო, რომ შეიქმნას ჰეჯირების და რისკების მართვის უკეთესი შესაძლებლობები დერივატივების გამოყენებით. სამართლებრივი რეფორმა ხელს შეუწყობს საერთაშორისო კონტრაქტების გაფორმებას და მწვანე შუქს აუნთებს  ქართული ბანკების მიერ ფინანსური რესურსების  უფრო ხელსაყრელი პირობებით მოზიდვას. მადლობას ვუხდით ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს EBRD და სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციას (ISDA) მხარდაჭერისთვის როგორც ამ კანონის შემუშავებაში, ისე, ზოგადად, ფინანსური ბაზრების განვითარების კუთხით," - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი. 

ეროვნული ბანკის განცხადება ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით:

დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. საქართველოს ფინანსური ბაზრები, რომელიც საკმაოდ სწრაფად და წარმატებით ვითარდება, უკვე მზადაა, ამ ტიპის ინსტრუმენტების გამოყენებისათვის.

დერივატივებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ფინანსური გირავნობის საკითხი. ფინანსური გირავნობა საფინანსო სექტორში რისკების შემცირებას ემსახურება და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ სფეროში საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც შეასრულა და ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის შესაბამისი გახადა. ფინანსური გირავნობა დერივატივების ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული რისკების მართვის არსებითი ინსტრუმენტია.

კანონის კიდევ ერთი ქვაკუთხედია ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი). ნეტინგის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს კაპიტალის მოთხოვნებს და, შესაბამისად, აიაფებს ფინანსურ ტრანზაქციებს. ნეტინგის შესაძლებლობა და მისი დაცულობის კანონით უზრუნველყოფა ბევრი უცხოური საფინანსო ინსტიტუტისათვის საქართველოში საქმიანობის აუცილებელი წინაპირობა იყო.

დერივატივების გამოყენება ხელს უწყობს შემოსავლის ზრდას და რისკების მართვას, თუმცა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, თავად დერივატივებსაც აქვს ფინანსური რისკები, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი ცოდნის და რისკების მართვის სისტემების არსებობა. სწორედ ამიტომ, კანონის თანახმად, დერივატივების გამოყენების პირთა წრე შეზღუდულია მხოლოდ ბაზრის კვალიფიციური მონაწილეებით. ფიზიკური პირებისთვის დერივატივების ინსტრუმენტების შეძენა მხოლოდ იმ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებითაა დაშვებული, რომელთაც ეროვნული ბანკი ზედამხედველობს და მათ აქვთ ვალდებულება, ერთის მხრივ, სრულყოფილად აუხსნან მომხმარებელს პოტენციური რისკების შესახებ და, მეორეს მხრივ, არ შესთავაზონ ისეთი პროდუქტები, რომელიც არ შეეფერება ამა თუ იმ კატეგორიის ინდივიდუალურ ინვესტორს.

კანონში ასევე მკაფიოდ გაიმიჯნა, დერივატივები როგორც ფინანსური ინსტრუმენტი თამაშობებისგან, დაზღვევისგან და სხვა მსგავსი ქმედებებისაგან, რომლებიც ერთი შეხედვით წააგავს დერივატივებს, მაგრამ მათ შორის არსებითი სხვაობაა. ეს სხვაობა კანონით იქნა განმარტებული.

ახალი კანონის მიღების პროცესს აკვირდებოდნენ საერთაშორისო ინვესტორები და ფინანსური ინსტიტუტები. მათთვის დერივატივების გამართული სამართლებრივი გარემოს არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისათვის. ახალი კანონის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ქართულ კონტრაგენტებთან ურთიერთობის რისკებს. შესაბამისად, აადვილებს და აიაფებს ფინანსური რესურსების მოზიდვას. ქართული ბანკები დიდი ინტერესით ელოდნენ ახალი კანონის მიღებას და ვარაუდობენ, რომ ქართული ფინანსური სექტორი მალევე იგრძნობს პოზიტიურ შედეგს.

კანონის მიღება საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმაც შეაფასეს:

გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: "დერივატივების კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული საბანკო სისტემისთვის. კანონი ხელს შეუწყობს დერივატივებით ვაჭრობის სტანდარტიზაციას, შეამცირებს კონტრაგენტის რისკებს და ქართულ ბანკებს შესაძლებლობას მისცემს დაიმკვიდრონ ადგილი გლობალურ ბაზრებზე. თიბისი ბანკი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ადგილობრივი სამართლებრივი გარემო შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან."

სულხან გვალია, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე: "ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონის შემუშავების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ბანკის სამუშაო ჯგუფი. კანონის ამოქმედება ბანკს საშუალებას მიცემს გააფორმოს დერივატივების ჩარჩო ხელშეკრულება (ISDA) და საკრედიტო უზრუნველყოფის დანართი (CSA) უფრო მეტ საერთაშორისო ბანკთან, რაც საბაზრო რისკების მართვისთვის საჭირო ოპერაციებს უფრო მოქნილს გახდის. ამასთან, ბანკს საშუალება ექნება დერივატივების ოპერაციები გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზოს მის მომხმარებლებს. ახალი კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ბაზრის მონაწილეთა ცნობადობის ამაღლებას საბაზრო რისკების მართვის კუთხით."

კანონის პროექტზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მის მომზადებაში ჩართულები იყვნენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ისე ადგილობრივი ფინანსური ბაზრის და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები. ეროვნულ ბანკს მხარდაჭერას უწევდა EBRD. ასევე სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ISDA-მ, რომელიც მსოფლიოს 71 ქვეყნიდან 900-ზე მეტ წევრს აერთიანებს და დერივატივების სფეროში უპირობო ავტორიტეტს წარმოადგენს.

კანონპროექტის შემუშავებისას მთლიანად იქნა გათვალისწინებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ქართული ბაზრის და სამართლებრივი სისტემის თავისებურებები. პროექტის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები.

პროექტზე მუშაობის პროცესში ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ტრეინინგი, რომელიც დერივატივების სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესწავლას ემსახურებოდა. მათში მონაწილეობა მიიღეს ქართული ბანკების, საბროკერო კომპანიების, საფონდო ბირჟის და იურიდული კომპანიების წარმომადგენლებმა. აგრეთვე, კანონპროექტზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები