მზარდი კონკურენციის ფონზე, Meta ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო მკვლევრების აყვანას აჩქარებს. კომპანიის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი, ენდრიუ ბოსვორთი გამოეხმაურა OpenAI-ს ხელმძღვანელის, სემ ალტმანის განცხადებას, რომლის მტკიცებითაც Meta მათი საუკეთესო თანამშრომლების გადაბირებას $100 მილიონად ცდილობდა. ბოსვორთმა განმარტა, რომ მსგავს თანხას კომპანია მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებს სთავაზობს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული Meta-ს უახლეს სუპერჭკვიან ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს.
საკუთარი AI ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად კომპანიამ Scale AI-ს 49%-იანი წილი $14,8 მილიარდად შეიძინა. როგორც ბოსვორთმა აღნიშნა, ფაქტი, რომ კომპანიები მზად არიან გადაიხადონ ამ მასშტაბის თანხა, ადასტურებს, რამდენად იშვიათია მსგავსი ტალანტი ხელოვნური ინტელექტის სექტორში. AI-ს სფეროში ნიჭიერი სპეციალისტების აყვანაზე კონკურენცია კვლავ დიდია, თუმცა აღარც ისეთი, როგორიც ეს, თუნდაც ერთი წლის წინ იყო.
Meta და OpenAI უკვე კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ეპაექრებიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი სპეციალისტი მიიზიდონ. აღსანიშნავია, რომ ბაზარი ამ მხრივ არც ისე დიდია. კომპანიებს უწევთ ასტრონომიული თანხები გადაიხადონ იმ ტვინებში, რომლებსაც მსოფლიოს უახლეს ტექნოლოგიურ რევოლუციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ.
მზარდი კონკურენციის ფონზე, Meta არ იშურებს ძალას, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს, მეტი ახალი და ღირებული სპეციალისტი მიიზიდოს და გაიმყაროს პოზიციები ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე.




























