მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ თავის პლატფორმებიდან რუსული სახელმწიფო არხების ანგარიშები დაბლოკა

მეტა

Facebook-ის მფლობელი Meta-მ განაცხადა, რომ საკუთარ პლატფორმებზე RT-ის, Rossiya Segodnya-სა და რუსეთის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ სხვა არხებს ბლოკავდა. კომპანიის განცხადებით, მედიასაშუალებები შეცდომაში შემყვანი ტაქტიკებით ცდილობენ, ონლაინ-ოპერაციებზე ფარული გავლენა მოეხდინათ - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, Meta-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის მიერ რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ მიღებული ზომების უსწრაფესი განვითარებაა, რასაც კრემლის ძლიერი კრიტიკაც მოჰყვა. მანამდე Meta რუსულ არხებს თავის პლატფორმაზე რეკლამების გაშვებასა უზღუდავდა.

"საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ვაფართოებთ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების წინააღმდეგ არსებული ზომების აღსრულებას. Rossiya Segodnya, RT და სხვა, მათთან დაკავშირებული სუბიექტები, ამიერიდან დაიბლოკებიან ჩვენი აპლიკაციებიდან გლობალურად, საგარეო საქმეების ჩარევის მიზეზით", - ნათქვამია Meta-ს ოფიციალურ განცხადებაში.

გადაწყვეტილების აღსრულებას Meta მომდევნო დღეებში დაიწყებს. რუსულ არხებს ანგარიშები გაუუქმდებათ, სავარაუდოდ, Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Threads-ის პლატფორმებზე.

თავად კრემლის შეფასებით, Meta თავისი გადაწყვეტილებით მხოლოდ თავისი თავის დისკრედიტაციას ეწევა. კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული მედიის წინააღმდეგ სელექციური ქმედებები მიუღებელია.

მანამდე, 2022 წელს რუსეთმა Meta-ს "ექსტრემისტული ორგანიზაცია" უწოდა და ქვეყნის მასშტაბით Instagram და Facebook დაბლოკა - მიზეზი Meta-ს მიერ სიძულვილის ენის პოლიტიკის ცვლილება გახდა, რამაც მომხმარებელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ღია კრიტიკის საშუალება მისცა.

Russia Today-ის ანგარიშები Facebook-ზე უკვე აღარ იძებნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები