მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta-ს, TikTok-სა და YouTube-ს წინააღმდეგ, მოზარდთა დამოკიდებულების საქმეზე სასამართლო დავა დაიწყო

სოცმედია
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს სამი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია ლოს-ანჯელესში ისტორიული სასამართლო დავის წინაშე დგას. საქმე ეხება ბრალდებებს, რომ მათი პლატფორმები - Meta-ს Instagram-ი, ByteDance-ის TikTok-ი და Google-ის YouTube-ი - ბავშვებს განზრახ აზიანებს და დამოკიდებულებას იწვევს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიებს საკუთარი არგუმენტების წარდგენა ნაფიც მსაჯულთა წინაშე მოუწევთ. პროცესის შედეგმა, შესაძლოა, უდიდესი გავლენა მოახდინოს მათ ბიზნესსა და იმაზე, თუ როგორ მიუდგებიან ისინი სამომავლოდ ბავშვების მიერ პლატფორმების გამოყენების საკითხს. სარჩელში დასახელებულმა მეოთხე კომპანიამ - Snapchat-ის მფლობელმა Snap Inc.-მა - გასულ კვირას საქმე მორიგებით დაასრულა და კომპენსაციის სახით კონფიდენციალური თანხა გადაიხადა.

საქმის ეპიცენტრში 19 წლის პირია, რომელიც მხოლოდ ინიციალებით - KGM არის იდენტიფიცირებული. მისმა საქმემ, შესაძლოა, განსაზღვროს, თუ როგორ წარიმართება სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ შეტანილი ათასობით სხვა მსგავსი სარჩელი.

KGM ამტკიცებს, რომ სოციალური მედიის ადრეულ ასაკში გამოყენებამ მას ტექნოლოგიაზე დამოკიდებულება ჩამოუყალიბა, რამაც დეპრესია და სუიციდური ფიქრები გაამწვავა. სარჩელში ნათქვამია, რომ ეს შედეგი კომპანიების მიერ განზრახ შერჩეულმა დიზაინმა გამოიწვია, რომლის მიზანიც მოგების გაზრდა და ბავშვებისთვის პლატფორმების უფრო მეტად მიმზიდველად, მიჯაჭვულობის გამომწვევად, ქცევა იყო.

"მოპასუხეებმა, სლოტ-აპარატებსა და სიგარეტის ინდუსტრიაში გამოყენებული ქცევითი და ნეირობიოლოგიური ტექნიკების მსგავსად, თავიანთ პროდუქტებში განზრახ ჩააშენეს დიზაინის ისეთი ფუნქციები, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობის მაქსიმიზაციას სარეკლამო შემოსავლების გაზრდისთვის", - ნათქვამია სარჩელში.

მოსალოდნელია, რომ სასამართლო პროცესზე, რომელიც 6-8 კვირა გაგრძელდება, ჩვენებას მისცემენ კომპანიების ხელმძღვანელები, მათ შორის Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ზაკერბერგი.

ტექნოლოგიური კომპანიები უარყოფენ ბრალდებებს, თითქოს მათი პროდუქტები ბავშვებს განზრახ აზიანებს. ისინი იშველიებენ წლების განმავლობაში დამატებულ უამრავ დამცავ მექანიზმს და აცხადებენ, რომ არ არიან პასუხისმგებელნი მესამე პირების მიერ მათ საიტებზე განთავსებულ კონტენტზე.

"ბოლო დროს არაერთი სარჩელით სცადეს, რომ მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მთლიანად სოციალური მედიის კომპანიებს დააბრალონ. თუმცა ეს სერიოზული საკითხის გამარტივებაა. კლინიცისტები და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ღრმად კომპლექსური და მრავალმხრივი საკითხია, ხოლო მოზარდების კეთილდღეობასთან დაკავშირებული ტენდენციები არ არის ცალსახა ან უნივერსალური. მოზარდების წინაშე არსებული გამოწვევების მხოლოდ ერთ ფაქტორამდე დაყვანა უგულებელყოფს სამეცნიერო კვლევებსა და იმ მრავალ სტრესორს, რომლებიც დღეს ახალგაზრდებზე მოქმედებს, როგორებიცაა აკადემიური წნეხი, სკოლის უსაფრთხოება, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და ნივთიერებების ბოროტად გამოყენება", - ნათქვამია Meta-ს ბოლოდროინდელ ბლოგში.

Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი 40-ზე მეტი შტატის გენერალურმა პროკურორმებმაც შეიტანეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კომპანია აზიანებს ახალგაზრდებს და ხელს უწყობს მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისს Instagram-სა და Facebook-ზე ისეთი ფუნქციების განზრახ შექმნით, რომლებიც ბავშვებში პლატფორმებისადმი დამოკიდებულებას იწვევს.

TikTok-ი ანალოგიური სარჩელების წინაშე დგას ათზე მეტ შტატში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები