ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ სამუშაო ძალის 10%-ის, დაახლოებით 8,000 თანამშრომლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიამ პერსონალს შესაბამისი შეტყობინება ხუთშაბათს გაუგზავნა.
არსებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობა ათასობით ვაკანტური პოზიციის გაუქმებასაც გეგმავს. როგორც ირკვევა, ეს ნაბიჯი მიზნად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდას ისახავს. ცნობისთვის, წელს ამ სფეროში კომპანია 135 მილიარდ დოლარს დახარჯავს. სიცხადისთვის ეს თანხა ბოლო სამი წლის ჯამურ კაპიტალურ დანახარჯებს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა შესაძლო შემციერების შესახებ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ისაუბრა. ამასთან, მან თანამშრომლებს პროდუქტიულობის ზრდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, დღეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ერთი ადამიანი ასრულებს ისეთ მასშტაბურ პროექტებს, რომლებსაც ადრე დიდი გუნდი სჭირდებოდა. შესაბამისად, მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ შემცირებების ტალღა სამუშაო პროცესის ტრანსფორმაციისთვის გადამწყვეტი იქნება და ის 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, კომპანიის ყურადღება ბოლო თვეებში AI ინსტრუმენტების განვითარებაზე და მათთან თანამშრომლების ინტეგრირებაზე სრულად გადაიტანა. კერძოდ, Meta-მ თანამშრომლების კომპიუტერებთან ინტერაქციის აღრიცხვა დაიწყო. ამასთან, კომპანიამ ყველა მოწყობილობაში ჩააშენა სისტემა, რაც ამოღებული მონაცემების ხელოვნური ინტელექტი გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში მასშტაბური შემცირებები ტექნოლოგიური სექტორის სხვა გიგანტებმაც გამოაცხადეს და განახორციელეს. კერძოდ, Amazon-მა 30,000-ზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა. Oracle-მა კი სამუშაო ძალა 10,000-ზე მეტი ადამიანით შეამცირა. მსგავსი ნაბიჯები გადადგეს Block-მა და Snap-მაც. Microsoft-მა კი სტაჟიან თანამშრომლებს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის სანაცვლოდ კომპენსაციები შესთავაზა. როგორც ირკვევა, თითქმის ყველა კომპანია გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ზრდას ასახელებს.




























