მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტალები, რომელთა გარეშე ელექტრიფიკაცია შეუძლებელია - რა ხდება ბირჟაზე?

ელექტრიფიკაცია

ელექტრიფიკაცია ის თემაა, რომელზედაც არაერთხელ მოგვიყოლია, რადგან ავად თუ კარგად, განახლებადი ენერგია და ელექტრომობილები ჩვენი პლანეტის მომავალია. თუ ელექტრომობილების საკითხი, ბოლო დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მზის პანელებისა და ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მასობრივი ათვისება, უბრალოდ გარდაუვალია. თუმცა იმისთვის, რომ ეს მოხდეს და ადამიანებმა საკუთარ სახლებში მზის პანელების დადგმა დაიწყონ, საჭიროა არამხოლოდ ამ ტექნოლოგიის გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, არამედ რამდენიმე ძირითადი მასალის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა.

დღეს, იმ ხუთ კრიტიკულ ელემენტზე მოგიყვებით, რომელთა გარეშე ელექტრომობილების, მზის პანელებისა და ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების წარმოება, უბრალოდ შეუძლებელია.

მაშ, დავიწყოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი მეტალით, რომელიც, უმეტესწილად, ელექტრობატარეების წარმოებაში გამოიყენება. ეს მეტალი - ლითიუმია, რომლის გარეშე ბატარეა უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს. ელექტრობატარეას, რეალურად, ორმაგი დანიშნულება აქვს - ის ქიმიურ ენერგიას ინახავს, რომელსაც, საჭირო დროს, ელექტროენერგიად გარდაქმნის და მას ავტომობილის ელექტრულ მოტორს აწვდის. ამ ტიპის ოპერაციებს ყველაზე კარგად სწორედ ლითიუმ-იონური ბატარეა ახორციელებს, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია, ანუ შედარებით მცირე და მსუბუქ ფორმაში მაქსიმალურ ენერგიას იტევს.

დღეს, ტონა ლითიუმის კარბონატი 14,100 დოლარად ივაჭრება, რაც საკმაოდ კარგი ფასია, მეტალის ბოლოდროინდელ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ტონა მეტალი 78,000 დოლარად ივაჭრებოდა. მართალია, ფასი დასტაბილურდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნა, რის ყველაზე ნათელ მაგალითად იაპონური “ტოიოტას” თავმჯდომარე, აკიო ტოიოდა გამოდგება, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელექტრიფიკაციის პოტენციალი სრულად გამოვლინდება, ელექტრომობილები გლობალური ავტოპარკის მაქსიმუმ 30%-ს დასჯერდებიან, ესეც ყველაზე კარგ შემთხვევაში. თუმცა აკიო ტოიოდა აქ არ გაჩერებულა და დასძინა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ავტომწარმოებელ კომპანიას ურჩევნია CO2-კრედიტები შეიძინოს, ვიდრე ელექტრომობილებზე ფული ფლანგოს.

ლითიუმთან ერთად, ელექტრიფიკაციაში ძალიან დიდ როლს კობალტი ასრულებს. კობალტზე დამოკიდებულია, როგორც ელექტრობატარეის ტევადობა, ასევე სტაბილურობა, მოხმარება და, რაც მთავარია, დამუხტვის ეფექტიანობა, ანუ ელექტრობატარეების სწრაფი დამუხტვა, რომლის გარეშე ელექტრომობილის ყოლას უბრალოდ აზრი არ აქვს, სწორედ კობალტის დამსახურებაა.

ლითიუმთან ერთად, ბოლო პერიოდში, კობალტიც საკმაოდ გაიაფებულია და ტონაზე 28,550 დოლარად ივაჭრება - ასეთი ფასი კობალტმა ბოლოს 2020 წლის ივნისში დააფიქსირა. არადა იყო დრო, ტონა კობალტი ბირჟაზე 85,000 დოლარაც ივაჭრებოდა.

თუ ელექტრობატარეებში ყველაზე დიდ როლს ლითიუმი და კობალტი ასრულებს, იმავეს ვერ ვიტყვით მზის პანელებზე, ქარის ტურბინებზე და ელექტროენერგიის გადამცემ კაბელებზე, რომელთა გარეშე პლანეტის ელექტრიფიკაცია, ცხადია, შეუძლებელია. მთავარი მეტალი, რომელიც ზემოხსენებული პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება - სპილენძია. ეს მეტალი ბუნების ნამდვილი სასწაულია, რადგან ის ძალიან კარგად ატარებს ელექტროენერგიას, რის გამოც მას იყენებენ, როგორც კაბელებში, ასევე გენერატორებში, ტრანსფორმატორებში და დამიწების სისტემებში. თანაც, სპილენძი საკმაოდ გამძლე მეტალია, რომლის გადამუშავებაც შედარებით მარტივია, რასაც, მაგალითად, ვერ ვიტყვით ჩემ მიერ რამდენიმე წუთის წინ ნახსენებ ლითიუმზე.

სპილენძის გამოყენების არეალი, ცხადია, ცდება ელექტროენერგიას, რაც ამ მეტალს მოთხოვნად საბირჟო საქონლად აქცევს. თუმცა მოთხოვნასთან ერთად, ბოლო დროს, სპილენძის ფასი საკმაოდ მერყევია. დღეს, კილოგრამი სპილენძი ბირჟაზე 8.5 დოლარი ღირს, მაგრამ ერთი თვის წინ, სპილენძი 8 დოლარად ივაჭრებოდა. ერთი წლის ჭრილში კი, სპილენძის ფასი თითქმის 6%-ითაა შემცირებული.

განახლებადი ენერგიის წარმოება შეუძლებელია კიდევ ერთი მეტალის გარეშე - ამ შემთხვევაში, ნიკელს ვგულისხმობ, რომელიც გამოიყენება, როგორც ელექტრობატარეებში, ასევე ქარის ტურბინებში. ელექტრობატარეაში, ნიკელი, უმეტესწილად, ბატარეის ტევადობას და ეფექტიანობას ზრდის, ხოლო ქარის ტურბინებში და დიდი ზომის სხვა დანადგარებში, ნიკელის ნაერთებს იმისთვის იყენებენ, რომ ტურბინამ რთულ გეოლოგიურ პირობებს გაუძლოს და არ დაჟანგდეს.

ნიკელი, ისევე, როგორც ზემოჩამოთვლილი ყველა მეტალი სასაქონლო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ნიკელის ფასი 25%-ითაა შემცირებული. დღეს, ტონა ნიკელი 17,400 დოლარად ივაჭრება, მაგრამ ლითიუმისა და კობალტის მსგავსად, ფასის მკვეთრი ზრდა ამ მეტალსაც ახასიათებს. 2022 წლის მარტში, მაგალითად, ტონა ნიკელი 29,600 დოლარად ივაჭრებოდა, 2007 წლის აპრილში კი, მეტალის ფასმა ტონაზე 42,000 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც დასაწყისში გითხარით, დღეს ელექტრიფიკაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხუთ ელემენტზე მოგიყვებით. ის ოთხი მეტალი, რომელთა შესახებ ზემოთ დავწერე, ასე თუ ისე ნაცნობია, მაგრამ არსებობს მეტალების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელზედაც იშვიათად ვსაუბრობთ, არადა ის 17 მეტალი, რომელიც იშვიათ მიწათა ელემენტების ჩამონათვალში შედის, ელექტრიფიკაციისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.

იშვიათ მიწათა ელემენტებს შორის ლითონების ნაკრებს ვხვდებით, რომელშიც ერთიანდება, როგორც ლანთანი და ნეოდიმი, ასევე სკანდიუმი და იტრიუმი. ამ კატეგორიის მეტალების უმეტესობა კატალიზატორად და მაგნიტად გამოიყენება. გარდა ამისა, ამ სახის მეტალებს სპეციალური ლითონების შენადნობების, მინისა და მაღალი ხარისხის ელექტროხელსაწყოების წარმოებაში გამოიყენებენ. დღეს არსებული ყველაზე მძლავრი მაგნიტი, მაგალითად, სწორედ ნეოდიმის შენადნობია რკინასა და ბორთან. ამ მაგნიტებსა და ელემენტებს კი, როგორც ცნობილია, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებში, ქარის ტურბინებში და სმარტფონებში იყენებენ.

ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის, იშვიათ მიწათა ელემენტებზე მოთხოვნა 5-ჯერ გაიზრდება, ანუ, შესაძლოა, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნას. თუ გაეროს კლიმატის ცვლილების უკანასკნელ კონფერენციას (COP28) დავეყრდნობით, სადაც გადაწყდა, რომ განახლებადი ენერგიის წარმადობა 2030 წლისთვის 3-ჯერ უნდა გაიზარდოს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დეფიციტის წინაშე ყველა ზემოხსენებული მეტალი აღმოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები