ბოლო წლებში, საავტომობილო ინდუსტრიამ გარკვეული ქარცეცხლი გამოიარა. თუ 2021 წელს ფაქტობრივად ყველა თანხმდებოდა, რომ განახლებადი ენერგია და ელექტრომობილები ჩვენი პლანეტის მომავალი იყო, ელექტრომობილების დომინაციის საკითხი, ბოლო დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეს კი ყველაზე ნათლად საავტომობილო ბრენდებზე აისახება, რომელთა დიდმა ნაწილმა ელექტრიფიკაცია, სულ მცირე, დროებით გადაავადა. თუმცა იმისთვის, რომ ელექტრომობილები გლობალური ავტოპარკის ძირეულ შემადგენელ ნაწილად იქცეს, ხოლო ადამიანებმა საკუთარ სახლებში მზის პანელების დადგმა დაიწყონ, საჭიროა არამხოლოდ ამ ტექნოლოგიის გაიაფება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, არამედ რამდენიმე ძირითადი მასალის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდა.
დღეს, იმ ხუთ კრიტიკულ ელემენტზე მოგიყვებით, რომელთა გარეშე ელექტრომობილების, მზის პანელებისა და ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების წარმოება, უბრალოდ შეუძლებელია.
ყველასთვის ნაცნობი მეტალი, რომელიც, უმეტესწილად, ელექტრობატარეების წარმოებაში გამოიყენება ლითიუმია, რომლის გარეშე ბატარეა უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს. ელექტრობატარეას, რეალურად, ორმაგი დანიშნულება აქვს - ის ქიმიურ ენერგიას ინახავს, რომელსაც, საჭირო დროს, ელექტროენერგიად გარდაქმნის და ავტომობილის ელექტრულ მოტორს აწვდის. ამ ტიპის ოპერაციებს ყველაზე კარგად სწორედ ლითიუმ-იონური ბატარეა ახორციელებს, რომელიც ბაზარზე არსებულ ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ეფექტიანია, ანუ შედარებით მცირე და მსუბუქ ფორმაში მაქსიმალურ ენერგიას იტევს.
დღეს, ტონა ლითიუმის კარბონატი 19,900 დოლარად ივაჭრება, რაც საკმაოდ კარგი ფასია, მეტალის ბოლოდროინდელ დინამიკას თუ გავითვალისწინებთ და გავიხსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ტონა მეტალი 78,000 დოლარად ივაჭრებოდა. მართალია, ფასი დასტაბილურდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა ელექტრომობილებზე არსებული მოთხოვნა, რის ყველაზე ნათელ მაგალითად იაპონური “ტოიოტას” თავმჯდომარე, აკიო ტოიოდა გამოდგება, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ელექტრიფიკაციის პოტენციალი სრულად გამოვლინდება, ელექტრომობილები გლობალური ავტოპარკის მაქსიმუმ 30%-ს დასჯერდებიან, ესეც ყველაზე კარგ შემთხვევაში. აკიო ტოიოდა აქ არ გაჩერებულა და დასძინა, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ ავტომწარმოებელ კომპანიას ურჩევნია კარბონკრედიტები შეიძინოს, ვიდრე ელექტრომობილებზე ფული ფლანგოს.
ლითიუმთან ერთად, ელექტრიფიკაციაში ძალიან დიდ როლს კობალტი ასრულებს. კობალტზე დამოკიდებულია, როგორც ელექტრობატარეის ტევადობა, ასევე ქიმიური მდგრადობა, მოხმარება და, რაც მთავარია, დამუხტვის ეფექტიანობა, ანუ სწრაფი ელექტრობატარეების სწრაფი დამუხტვა, რომლის გარეშე ელექტრომობილის ყოლას უბრალოდ აზრი არ აქვს, სწორედ კობალტის დამსახურებაა. ლითიუმთან ერთად, ბოლო პერიოდში, კობალტიც საკმაოდ გაიაფებულია და ტონაზე 24,300 დოლარად ივაჭრება - ასეთი ფასი კობალტმა ბოლოს 2016 წლის ივნისში დააფიქსირა. არადა იყო დრო, ტონა კობალტი ბირჟაზე 85,000 დოლარაც ივაჭრებოდა.
თუ ელექტრობატარეებში ყველაზე დიდ როლს ლითიუმი და კობალტი ასრულებს, იმავეს ვერ ვიტყვით მზის პანელებზე, ქარის ტურბინებზე და ელექტროენერგიის გადამცემ კაბელებზე, რომელთა გარეშე პლანეტის ელექტრიფიკაცია, ცხადია, შეუძლებელია. მთავარი მეტალი, რომელიც ზემოხსენებული პროდუქტების წარმოებაში გამოიყენება - სპილენძია. მეტალი ძალიან კარგად ატარებს ელექტროენერგიას, რის გამოც მას იყენებენ, როგორც კაბელებში, ასევე გენერატორებში, ტრანსფორმატორებში და დამიწების სისტემებში. თანაც სპილენძი საკმაოდ გამძლე მეტალია, რომლის გადამუშავებაც შედარებით მარტივია.
სპილენძის გამოყენების არეალი, ცდება ელექტროენერგიას, რაც ამ მეტალს მოთხოვნად საბირჟო საქონლად აქცევს. თუმცა მოთხოვნასთან ერთად, ბოლო დროს, სპილენძის ფასი საკმაოდ მერყევია. დღეს, კილოგრამი სპილენძი ბირჟაზე რვა დოლარი და 20 ცენტი ღირს, მაგრამ 2024 წლის მაისში, ანუ რამდენიმე თვის წინ, კილოგრამი სპილენძი თითქმის 10 დოლარად ივაჭრებოდა. ერთი თვის ჭრილში, სპილენძი 5.7%-ით გაიაფდა, მაგრამ წლის დასაწყისიდან დღემდე მეტალი მაინც 5.4%-ით არის გაძვირებული. საერთო ჯამში, სპილენძის ფასს ციკლურობა ახასიათებს, მაგრამ ბოლო ხუთ წელიწადში ის მაინც უფრო ძვირად ივაჭრება, ვიდრე 2015-2020 წლებში.
განახლებადი ენერგიის წარმოება შეუძლებელია კიდევ ერთი მეტალის გარეშე - ამ შემთხვევაში, ნიკელს ვგულისხმობ, რომელიც გამოიყენება, როგორც ელექტრობატარეებში, ასევე ქარის ტურბინებში. ელექტრობატარეაში, ნიკელი, უმეტესწილად, ბატარეის ტევადობას და ეფექტიანობას ზრდის, ხოლო ქარის ტურბინებში და დიდი ზომის სხვა დანადგარებში, ნიკელის ნაერთებს იმისთვის იყენებენ, რომ ქარის ტურბინამ რთულ გეოლოგიურ პირობებს გაუძლოს და არ დაჟანგდეს. წლის დასაწყისიდან დღემდე, ნიკელის ფასი 1.5%-ითაა შემცირებული. დღეს, ტონა ნიკელი 16,100 დოლარად ივაჭრება, მაგრამ ლითიუმისა და კობალტის მსგავსად, ფასის მკვეთრი ზრდა ამ მეტალსაც ახასიათებს. 2022 წლის მარტში, მაგალიტად, ტონა ნიკელი 29,600 დოლარად ივაჭრებოდა, 2007 წლის აპრილში კი, მეტალის ფასმა ტონაზე 42,000 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
როგორც დასაწყისში გითხარით, ამ სტატიაში ელექტრიფიკაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხუთ ელემენტზე მოგიყვებოდით. ის ოთხი მეტალი, რომელთა შესახებ რამდენიმე წუთის წინ გითხარით, ასე თუ ისე ნაცნობია, მაგრამ არსებობს მეტალების კიდევ ერთი ჯგუფი, რომელზედაც იშვიათად ვსაუბრობთ, არადა ის 17 მეტალი, რომელიც იშვიათ მიწათა ელემენტების ჩამონათვალში შედის, ელექტრიფიკაციისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს.
იშვიათ მიწათა ელემენტებს შორის ვერცხლისფერი თეთრი რბილი და მძიმე ლითონების ნაკრებს ვხვდებით, რომელშიც ერთიანდება, როგორც ლანთანი და ნეოდიმი, ასევე სკანდიუმი და იტრიუმი. ამ კატეგორიის მეტალების უმეტესობა ტრადიციულ ტექნოლოგიებში კატალიზატორად და მაგნიტად გამოიყენება. გარდა ამისა, ამ სახის მეტალებს სპეციალური ლითონების შენადნობების, მინისა და მაღალი ხარისხის ელექტროხელსაწყოების წარმოებაში გამოიყენებენ. დღეს არსებული ყველაზე მძლავრი მაგნიტი, მაგალითად, სწორედ რკინასთან და ბორთან ნეოდიმის შენადნობს წარმოადგენს. ამ მაგნიტებსა და ელემენტებს კი, როგორც ცნობილია, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებში, ქარის ტურბინებში და სმარტფონებში იყენებენ.
ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის, იშვიათ მიწათა ელემენტებზე მოთხოვნა 5-ჯერ გაიზრდება, ანუ, შესაძლოა, ბაზარზე დეფიციტი შეიქმნას. თუ გაეროს კლიმატის ცვლილების უკანასკნელ კონფერენციას დავეყრდნობით, სადაც გადაწყდა, რომ განახლებადი ენერგიის წარმადობა 2030 წლისთვის 3-ჯერ უნდა გაიზარდოს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დეფიციტის წინაშე ყველა იშვიათი მეტალი აღმოჩნდება. თუმცა გამორიცხული არ არის, მსოფლიოში მეტალების ახალი საბადოები აღმოაჩინონ, რაც ბაზარზე მიწოდებას გაზრდის, ხოლო ფასებს - შეამცირებს.