მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიაში $26.7 მილიარდის ღირებულების კობალტი და ნიკელი აღმოაჩინეს

იაპონელი მეცნიერები

იაპონელმა მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე დიდი მოცულობით მანგანეზის კონკრეციები აღმოაჩინეს, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გეოლოგიური მიგნებაა, რომელსაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს, როგორც გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე, ასევე ცალკეულ ინდუსტრიებში არსებული მდგომარეობა. მეცნიერებმა მანგანეზის კონკრეცია, რომელიც იაპონელმა მეცნიერებმა მინამი-ტორიშიმას კუნძულის ახლობლად, ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, 230 მილიონი ტონა მარტივად მოპოვებად მეტალს აერთიანებს, რომელიც 10,000 კვადრატული კილომეტრის ფართობზე არის მიმოფანტული.

პირველადი კვლევებით, მანგანეზის კონკრეციებში 610,000 ტონა კობალტს და 740,000 ტონა ნიკელს ვხვდებით, რაც, იაპონიის, შესაბამისად, 75-წლიანი და 11-წლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვისაა საკმარისი. შედეგად, წყნარი ოკეანის ფსკერზე აღმოჩენილი ეს მეტალები იაპონიის ეკონომიკას ძალიან წაადგება. თუკი ნიკელის და კობალტის დღევანდელ ფასებს გადავხედავთ, რომელიც ნიკელის შემთხვევაში ტონაზე $16,100-ის, კობალტის შემთხვევაში კი ტონაზე $24,300-ის ფარგლებში მერყეობს, გამოდის, რომ ამ აღმოჩენით, იაპონიამ $26.7 მილიარდის ღირებულების იშვიათი მეტალები დაიმატა. თანაც, ეს დღევანდელი ფასებით, რომლებიც, ბოლო პერიოდში, საგრძნობლადაა შემცირებული.

იაპონელი მკლევრების მოლოდინით, წყნარი ოკეანის ფსკერიდან მანგანეზის კონკრეციების მოპოვება 2026 წლის მარტიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, დღიური მოპოვება რამდენიმე ათასი ტონა იქნება, რადგან იაპონიის ხელისუფლებას წლიური წარმადობის დასტაბილურება სამი მილიონი ტონის ფარგლებში სურს. ოკეანის ფსკერიდან მოპოვებულ მანგანეზს ის იაპონური კომპანიები შეისყიდიან, რომლებიც ნედლეულისგან იშვიათ მეტალებს მოიპოვებენ. ამ დროისთვის, იაპონიის ხელისუფლება იაპონურ ტექნოლოგიურ კორპორაციებთან ერთობლივი საწარმოს შექმნას გეგმავს, რათა ქვეყანაში მოპოვებული მეტალებით სახელმწიფომაც იხეიროს.

მანგანეზს, კობალტსა და ნიკელს ყველაზე ხშირად, ლითიუმ-იონურ ბატარეებში ვხვდებით, რომლებიც, თავის წილ, ენერგიით ავსებენ არამხოლოდ ელექტრომობილებს, არამედ სმარტფონებს, კომპიუტერებს და ბევრ სხვა დიდი თუ მცირე ზომის ტექნიკას. დღეს, ამ მეტალების ბაზარზე ჩინეთი და აფრიკული ქვეყნები ლიდერობენ, ხოლო იაპონია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა პლანეტაზე, თითქმის სრულად კობალტის და ნიკელის იმპორტზე არის დამოკიდებული. გამოდის, რომ მინამი-ტორიშიმას კუნძულის ახლობლად აღმოჩენილი კონკრეციები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არამხოლოდ იაპონიის ეკონომიკისთვის, არამედ გლობალური გეოპოლიტიკისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები