ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უმსხვილესი მიმწოდებელი, Amazon-ის შვილობილი Amazon Web Services-ი, იგივე AWS ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს და 2027 წლისთვის, იაპონიაში $15.24 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, გაფართოების შედეგად შექმნილი ინფრასტრუქტურა ტოკიოსა და ოსაკაში ბაზირებულ მომხმარებლებს მოემსახურება, სადაც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
ამ ორ ქალაქში 12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და თან სწორედ ტოკიო და ოსაკა ითვლება იაპონიის ტექნოლოგიურ ცენტრებად, სადაც უმსხვილესი იაპონური და გლობალური კომპანიების ოფისები მდებარეობს. Amazon Web Services-ის მსხვილ იაპონელ კლიენტებს შორის ვხედავთ, როგორც Asahi Group-ს, ასევე Marubeni-ს და Nomura Holdings-ს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს პირველი ინვესტიცია არ არის, რომელსაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი იაპონიაში ახორციელებს - 2011-2022 წლებში, AWS-მა აზიურ სახელმწიფოში ქლაუდ-სერვისების განვითარებისთვის $10.2 მილიარდი დააბანდა.
თავად ის ფაქტი, რომ AWS-ი იაპონიაში ინვესტირებას განაგრძობს, გარკვეულწილად, იაპონიის ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რადგან ფუმიო კიშიდას კაბინეტს სურს, იაპონია მოწინავე ქვეყნად იქცეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით.