"ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" მფლობელმა კომპანია "მეტამ" მოლდოვაში 20 ოქტომბრის არჩევნებამდე ჯგუფური ანგარიშები წაშალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას ისახავდა მიზნად მოლდოვის რუსულენოვან მოსახლეობაში. როგორც დასავლური მედია წერს, "მეტამ" "ფეისბუქში" შვიდი ანგარიში, 23 გვერდი და ერთი ჯგუფი წაშალა, ხოლო "ინსტაგრამზე" 20 ანგარიში, რომლებიც სოციალური ქსელის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.
ყალბი ანგარიშების ქსელის წაშლა "მეტამ" მანამ შეძლო, ვიდრე ის ავთენტური და მასშტაბური აუდიტორიის მიზიდვას შეძლებდა.
ყალბი ანგარიშების უკან მდგარი პირები სოციალურ ქსელში პოზიციონირებდნენ როგორც დამოუკიდებელი ახალი ამბების გამოცემები და მომხმარებელი გადაჰყავდათ სხვა არხებზე, ძირითადად "ტელეგრამზე".
"მეტას" გადაწყვეტილების შემდეგ, მოლდოვის სახელმწიფო უწყებებმა განაცხადეს, რომ მათაც დაბლოკეს ათობით "ტელეგრამ"-არხი, რომლებიც ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, 20 ოქტომბერს დაგეგმილ რეფერენდუმში ხმა ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ არ მიეცათ და სანაცვლოდ ფულსაც სთავაზობდნენ.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს მოლდოვაში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და ამასთანავე, რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მომავალი კვირის არჩევნებზე ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს აირჩევს თუ არა პროდასავლურ საპრეზიდენტო კანდიდატს, მაია სანდუს მეორე ვადით. ხოლო რეფერენდუმით გადაწყდება, უჭერს თუ არა მხარს მოსახლეობა ევროკავშირში ინტეგრაციას.