ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუარესების შემდეგ შესაძლოა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც შემცირდეს.
საქმე ისაა, რომ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.
როგორც ბედინეიშვილმა BMG-ის განუცხადა, სარეიტინგო კომპანიებისგან მსგავსი შეფასებები იმას ნიშნავს, რომ საქართველო შედარებით რისკიან ქვეყნად აღიქმება.
„რეიტინგის პერსპექტივის გადახედვა იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდი შანსია, რეიტინგი გაგვიუარესდეს, ვიდრე გაგვიუმჯობესდეს. ასეთი შეფასება გასაკვირი არცაა, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, თუმცა რისკის თვალსაზრისით ქვეყანა მაღალრისკიანად ითვლება და ამ დრომდე არ გვაქვს საინვესტიციო რეიტინგი. ამდენი ხანია, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თავისუფალი ბაზრის პრეტენზია გვაქვს და იმას ვერ მივაღწიეთ, რომ საინვესტიციო რეიტინგი გვქონდეს. თუ პერსპექტივა უარყოფითია, უფრო მეტი ალბათობაა, რომ რეიტინგი გაუარესდეს, ვიდრე გაუმჯობესდეს. გაუარესებული რეიტინგი კიდევ ერთი ლურსმანი იქნება ჩვენს პერსპექტივებში“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პერსპექტივა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მაც გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.