მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტი ხელშესახები შედეგი გვჭირდება, ამას ემსახურება Energy Expo-ს ფორუმი - მაია მელიქიძე

მელიქიძე

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ Energy Expo-ს ფარგლებში, რომელიც ექსპო ჯორჯიაში 6-7 ნოემბერს ტარდება, პლატფორმის გამოყენება სექტორის კითხვებსა და პრობლემებზე კომუნიკაციისთვის ხდება.

როგორც მან bmg-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ენერგეტიკის მიმართულებით სახელმწიფოს ამბიციური მიზნების მისაღწევად საჭიროა კერძო სექტორისთვის წამახალისებელი მექანიზმები, მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატია და გამარტივებული კომუნიკაცია.

"გვჭირდება მეტი ხელშესახები შედეგი, ამას ემსახურება ეს ფორუმი. მეტი ხელშესახები შედეგი არის მეტი გაფორმებული ხელშეკრულება და აშენებული ჰიდროელექტროსადგური, მზის და ქარის ელექტროსადგური. ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ინვესტორი მოიზიდოს, არის შედეგები, რომელიც აუცილებლად მომავალ წელს უნდა დავდოთ. გულწრფელი ვიქნები, შარშან ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც გაჟღერდა ამ ფორუმის ფარგლებში, იყო მითი და მხოლოდ და მხოლოდ იდეა. დღეს, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს უკვე ვისაუბრებთ ქსელში ინტეგრირებულ სიმძლავრეებზე და აი, ეს ქსელში ინტეგრირებული სიმძლავრეები კიდევ უფრო მეტად დააინტერესებს ინვესტორებს. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს.

სექტორი ძალიან აქტიურია ენერგეტიკის მიმართულებით. არსებობენ ინვესტორები, ქართველები განსაკუთრებით, რომლებსაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ინვესტიციები განახორციელონ ენერგეტიკაში. თუმცა, ის გამოწვევები, რომელიც უკავშირდება გარემოსდაცვით საკითხებს, ერთი ფანჯრის პრინციპს, საკანონმდებლო მდგომარეობას, პოლიტიკის, სტრატეგიის და ხედვათა გაზიარებას, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პანელი, რომელიც უკვე ჩატარდა, ვინაიდან არა მხოლოდ სამინისტროები იყვნენ წარმოდგენილი, არამედ პირველად, საქართველოს პარლამენტიც შემოუერთდა.

ჩვენ ვხედავთ მზაობას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დრო არ ითმენს და ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ძალიან ბევრი საქმე არის გასაკეთებელი და ბიზნესისთვის თითოეული წუთი, თითოეული დღე არის დაკარგული ფული, ამას ემსახურება სწორედაც ეს ფორუმი, რომ დასმულ კითხვებზე და პრობლემებზე, რომლებსაც აწყდებიან სექტორის წარმომადგენლები, ჩვენ დავეხმაროთ ამ პლატფორმის ფარგლებში, რომ გავცეთ პასუხები და მივაწოდოთ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

ამას ემატება ის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც გახლავთ ხიდების აშენება, კარების გაღება და ის სირთულეები, რომელსაც კერძო სექტორი აწყდება, არა მხოლოდ, ვთქვათ, წერილის მიწერით ან სხვადასხვა საშუალებით იყოს კომუნიკაცია, არამედ პირდაპირი სახით, რომ ძალიან სწრაფად გაკეთდეს საქმე. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რამდენად დიდი აქვს სახელმწიფოს ამბიცია. ამ ამბიციის შესრულება კერძო სექტორის გარეშე წარმოუდგენელია. 99% კერძო სექტორმა უნდა აიღოს ეს ტვირთი. ამ ტვირთის აღება მარტივი არ არის, თუ არ იქნება წამახალისებელი მექანიზმები, მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატია და ბუნებრივია, გამარტივებული კომუნიკაცია",- ამბობს მაია მელიქიძე.

რა კრიტერიუმებით უნდა გაიფილტროს 1.7 გიგავატის ენერგოპროექტების განაცხადები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროშია წარდგენილი, მაგრამ განხილვები შეჩერებულია? - ვკითხეთ GREDA-ს აღმასრულებელ დირექტორს.

საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის გადაწყეტილებით, შეწყდა ათობით ჰესის პროექტის განხილვა, რომლებზეც ინვესტორებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმები არ იყო გაფორმებული. ჯამში, საუბარია 1.7 გიგავატის პროექტებზე, რაც პრემიერის 13 ოქტომბრის განკარგულებაში გაიწერა.

მაია მელიქიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის რეალიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გარემოსდაცვითი საკითხების შესაბამისობა და ამას უნდა მოჰყვეს უკვე პროექტის შემსრულებლის კვალიფიკაცია, კომპეტენცია, გამოცდილება, ფინანსური მდგრადობა.

"ახლა მიმდინარეობს, პანელი, სადაც უშუალოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ადგილობრივი კომერციული ბანკების წარმომადგენლები, ანალიტიკური კომპანიები აკეთებენ დასკვნებს, რამდენად არის ამის შესაძლებლობა მათი მხრიდან, მაგრამ მეორე არის, ინვესტორს რამდენად შეუძლია ამ ტვირთის აღება. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკული არის ის, რომ ინვესტორსაც ჰქონდეს გარკვეული მდგრადობა და ისე არ გამოვიდეს, რომ არაკვალიფიციური ინვესტორი აღმოჩნდეს ბაზარზე და არაკვალიფიციურობა, არაკომპეტენტურობა არის გადამდები ხოლმე. თავად სექტორს არ უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ფალსიფიცირებული, გამოვიყენებ ამ სიტყვას, ინვესტორი არსებობდეს ბაზარზე, ვინაიდან ეს არეზერვებს სიმძლავრეებს და დარეზერვებული სიმძლავრეები უკვე აღარ უშვებს ახალ ინვესტორს აი ამ არეალზე. სამუშაო ბევრია, პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს ფილტრები და აი, ეს ბადის გასუფთავება ახლა მიმდინარეობს. უბრალოდ კრიტიკული ამ სექტორისთვის არის დრო",- ამბობს მაია მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები