მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეტი პოტენციალი გვაქვს... ევროპელ სპეციალისტებს უკვირთ ამხელა რესურსს რატომ არ ვიყენებთ" - "ფორეჯი 1"

623191e5c87af
მარიამ იზორია
28.03.22 21:00
2585
კომპანია “ფორეჯი 1-ს” დამფუძნებელი, ემილი გვაზავა, რომელიც თევზის მოშენება და რეალიზებით არის დაკავებული, bm.ge-სთან დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

როგორც გვაზავა აღნიშნავს, ამ დროისთვის კომპანია მცირე მოცულობას, წელიწადში დაახლოებით 5-10 ტონა თევზს აწარმოებს, თუმცა შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში “ფორეჯი 1-ს” წლიურად 200 000 ტონა პროდუქტის წარმოების პოტენციალი აქვს. მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა აუზები და თევზის საკვების ადგილობრივი წარმოების არ არსებობაა.

ემილი გვაზავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია თევზის ექსპორტიც, თუმცა არსებული წარმადობით საერთაშორისო ბაზრებისთვის თევზის რეგულარულ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ.

“ჩვენი წარმოება მცირეა, თუმცა მეტის პოტენციალი გვაქვს. ევროპელი სპეციალისტები როცა გვსტუმრობენ, უკვირთ ამხელა რესურსს რატომ არ ვიყენებთ. რეალურად პრობლემა ისაა, რომ აუზები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არ არის მოწყობილი, ამასთან არც თევზის საკვების ადგილობრივი წარმოება გვაქვს, მხოლოდ იმპორტირებული, დაბალხარისხიანი საკვებია ბაზარზე, ამის გამო თევზი ბუნებრივ კვებაზეა, შესაბამისად, არასაკმარისი საკვების გამო, მოსავალიც ცოტაა. სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა აუცილებელია, მათ ამ მიმართულებით საინვესტიციო გარემო უნდა გააუმჯობესონ. შეიძლება წლიურად 200 000 ტონაზე არ გავიდეთ, მაგრამ ხელშეწყობა შემოსავალს გააჩენს, ეს კი წარმადობის გაზრდისა და ინვესტიციების ჩადების მოტივაციას მოგვცემს. 

რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ნებისმიერი ქვეყანა დიდი სიამოვნებით შეიძენს, თუმცა როცა ექსპორტი გაქვს კონკრეტული ბაზრის სისტემატური მომარაგება უნდა შეძლო, თვე არ უნდა ჩააგდო, ჩვენი წარმადობით კი ეს შეუძლებელია”, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, "ფორეჯი 1" თევზის მოშენება-რეალიზაციით აბაშაში 2007 წლიდანაა დაკავებული. კომპანიის ფერმა 268 ჰექტარს აერთიანებს. "ფორეჯი 1" ეკოტურიზმის მიმართულებითაც ოპერირებს და ტურისტებს სპეციალურად მოწყობილ აუზებში თევზჭერას სთავაზობს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები