მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტი პროდუქტი უნდა გადიოდეს საქართველოდან საამიროებში, შემაფერხებელი ფაქტორი ლოგისტიკაა - გუდაბანძე

გიორგი გუდაბანძე

უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოქმედებს. წელს 9 თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 271.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სავაჭრო ბრუნვაში დიდი წილი, 230 მლნ დოლარზე მეტი იმპორტზე მოდის, ექსპორტი კი 41 მილიონის ფარგლებშია.

როგორც BMG-სთან SavvY-ის ასოცირებული პარტნიორი, გიორგი გუდაბანძე აცხადებს, საქართველოდან საამიროებში ექსპორტის მიმართულებით გაცილებით დიდი პოტენციალია, მათ შორის ცოცხალი ხილისა და კაკლოვანი კულტურების მიმართულებით.

მისი თქმით, ექსპორტის შემაფერხებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლოგისტიკაა.

“არაბეთის გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ბაზარია, საქართველოსთვის ბევრი პროდუქტის მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ ფრეშ პროდუქტებს, ანუ ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს და კაკლოვან კულტურებს, ვფიქრობ, რომ ბევრად მეტი პროდუქტი უნდა გადიოდეს საქართველოდან [საამიროებში], ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ მონაცემები და მაჩვენებლები. ყველაზე დიდი ხელის შემშლელი ფაქტორი, რაც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობას, აფერხებს დღესდღეობით, ეს არის ლოგისტიკა.

ორად ორი გზა არის რეალურად, რომ საქართველოდან პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს საამიროების მიმართულებით. ერთი ეს არის საჰაერო გზა, მეორე არის საზღვაო ტრანსპორტი. საზღვაო ტრანსპორტს რაც შეეხება, დრო სჭირდება საკმაოდ დიდი და ბევრ მწარმოებელს უწევს სამწუხაროდ, საჰაერო გზის გამოყენება, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა ექსპორტიორებისთვის. შესაბამისად, პროდუქტის კონკურენტუნარიანობას საკმაოდ ამცირებს.

ამ მიმართულებით ვისურვებდი, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უფრო განვითარდეს ქვეყანაში და უფრო შეეწყოს ხელი ჩვენს ექსპორტიორებს იმისათვის, რომ მეტი და მეტი პროდუქტი გავიტანოთ ამ მიმართულებით. განსაკუთრებით, ეს ეხება ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ლურჯი მოცვის ინდუსტრია, რომელზეც მოთხოვნა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ძალიან დიდია. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მეტი პროდუქტი მივაწოდოთ ადგილობრივ მომხმარებელს. ამისათვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება საქართველოში. რომ მწარმოებლები მეტად კონკურენტუნარიანები იყვნენ და რაც ყველაზე მთავარია, მათ კონკრეტულ სეზონზე, წლის კონკრეტულ პერიოდში შეძლონ თავისუფლად მიწოდება პროდუქციის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში”, - განაცხადა გიორგი გუდაბანძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები