მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეტრო ჰოლდინგი“ ბათუმში ტექნო პარკს აშენებს - ინვესტიცია $250 მლნ-ია

61ddc655ded82
თამთა ჯიჯავაძე
11.01.22 23:50
1645
„მეტრო ჰოლდინგი“ ბათუმში მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. როგორც კომპანიაში Forbes Georgia-ს განუცხადეს, საუბარია გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე პროექტზე – “ტექნო პარკი – ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა“.

პროექტი მოიცავს 300 000 კვ/მ ფართს, სადაც კომპანიის დირექტორის, რაულ კახაძის თქმით, განთავსდება ინოვაციური სისტემებით აღჭურვილი დატა-ცენტრები, სავაჭრო კომპანიები, ე.წ სმარტ-ოფისები, ლოგისტიკის ცენტრი და სხვა ინფრასტრუქტურა. ტექნო პარკში წარმოდგენილი იქნება შორეული აღმოსავლეთის, დუბაის, თურქეთისა და ევროპის წარმატებული საერთაშორისო IT-კომპანიები.

„ტექნო პარკში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბიზნესმიმართულების განვითარება, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, ფარმაცევტული წარმოება, საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოება, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობის განვითარება და სხვა“, – აღნიშნა რაულ კახაძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში. მისივე თქმით, კომპანიის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა ბიზნესსაჭიროებების უზრუნველყოფა და მათი საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის მქონე გარემოთი წახალისება.

„აღნიშნული პროექტის საგადასახადო, სამართლებრივი და ადმინისტრაციული გარემო მოიჯარე კომპანიებს საშუალებას მისცემს, კონკურენცია გაუწიონ მსოფლიო ბაზრებზე წარმოდგენილ მსხვილ მოთამაშეებს“, – განაცხადა კახაძემ. მანვე აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. მალე დასრულდება შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობაც და, როგორც მოსალოდნელია, მისი ოპერირება დაახლოებით 4-6 თვეში დაიწყება.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 250 მილიონი დოლარია. მისი ოპერატორი კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტექნო პარკი ბათუმი“ იქნება.

ცნობისთვის, „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ეროვნებით თურქი, საქართველოს მოქალაქე გალიფ ოზთურქია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინვესტორად მიიჩნევა აჭარაში. მას 2012 წლიდან საქართველოში არაერთი საინვესტიციო პროექტი აქვს განხორციელებული. მისი ძირითადი ბიზნესსაქმიანობა ტურიზმის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებს უკავშირდება.

Forbes Georgia

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები