მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს, მათგან ერთი თურქულია

6391a7f43d561
ინგა მურუსიძე
08.12.22 13:06
714
მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაზე მოლაპარაკებები ორ კომპანიასთან მიმდინარეობს, მათგან ერთი თურქულია. ინფორმაცია თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ გააჟღერა. ხმალაძის თქმით, კომპანია „მამისონთან“, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო, თუმცა სამუშაოები არ შეასრულა, ხელშეკრულება გაწყდა, კომპანია ე.წ. „შავ სიაშია“ შეყვანილი და ჯარიმაც დაეკისრა.

„ვარკეთილის მეტროს რაც შეეხება, ორი კომპანია განიხილება, რომელიც რეაბილიტაციას განახორციელებს. ერთი თურქულია, მეორე ქართული და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. იმედი მაქვს, გამარტივებული შესყიდვის გზით შევარჩევთ ისეთ კომპანიას, რომელიც შეძლებს სამუშაოების დროულად შესრულებას“, - განაცხადა ხმალაძემ.

საქმე ის არის, რომ მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაციაზე 7 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები