მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს მეორე ამოსასვლელები, ლილოს პოლიგონი და „ვეფხი და მოყმე“ - რა ბედი ეწია კალაძის დაპირებებს?

შენობა

„ბიემჯი“ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ გაცემული, მისი შეფასებით, შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ისაუბრა.

„ბიემჯიმ“ ირაკლი კუპრაძის განცხადება გადაამოწმა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მდგომარეობა შეისწავლა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი თბილისის მერიას მიმართა.

მერიისგან მიღებული პასუხებით ირკვევა, რომ მეტროსადგურების „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების პროექტირება ჯერ არ დასრულებულა, ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა 2030 წლამდე იგეგმება, ხოლო „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ ხიდის მშენებლობა ჩატარებული კვლევის საფუძველზე ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.

რატომ არ მიიჩნევს მერია „ვეფხი და მოყმის“ ხიდის მშენებლობას მიზანშეწონილად?

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ ხიდის მოწყობის მიზანშეწონილობის შესაფასებლად სატრანსპორტო კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა არსებული საგზაო ქსელი, სატრანსპორტო ნაკადების განაწილება და ახალი კავშირის შესაძლო გავლენა მოძრაობაზე.

კვლევისას გამოყენებული იყო სატრანსპორტო ქსელის მაკრო და მიკრომოდელირება და განხილული იყო ხიდის არსებულ საგზაო ქსელთან დაკავშირების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი.

მერიის განმარტებით, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი სატრანსპორტო კავშირის შექმნა მიმდებარე ქუჩებზე დამატებით დატვირთვას წარმოქმნიდა და საერთო სატრანსპორტო მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებდა.

„ჩატარებული კვლევების შედეგებით, ხიდის მოწყობის სატრანსპორტო მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არ დგას. საკითხის ხელახალი განხილვა შესაძლებელია საგზაო ქსელის არსებითი ცვლილების შემთხვევაში“, - აცხადებენ მერიაში.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი სატრანსპორტო კავშირების შემუშავების მიზნით კვლევითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

როდის დაიწყება მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მშენებლობა?

მეტროსადგურების „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების პროექტირება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ამჟამად დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მათი დასრულება მომდევნო რამდენიმე თვეში იგეგმება.

პროექტირების დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცედურები დაიწყება, რასაც, მერიის შეფასებით, რამდენიმე თვე დასჭირდება.

„არსებული სამუშაო გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება საორიენტაციოდ, მომდევნო 12 თვის განმავლობაში განიხილება“, - აცხადებენ მერიაში.

უწყება განმარტავს, რომ ეს წინასწარი ვადაა და შესაძლოა ტექნიკური საკითხებისა და შესყიდვის პროცედურების მიმდინარეობის შესაბამისად შეიცვალოს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე არც სამშენებლო სამუშაოების დაწყების ზუსტი თარიღია განსაზღვრული და არც მათი დასრულების ვადა დასახელებულა.

ლილოს ნაგავსაყრელის გაზშემკრები სისტემის მოწყობა 2030 წლამდე იგეგმება

რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრები სისტემის მოწყობას, თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად ჯამში 20 მილიონი ევროა გამოყოფილი, ხოლო მისი დასრულება 2030 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

მერიის ცნობით, 2026 წლის 29 ივლისს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მოვალეობაა სამშენებლო ტენდერისთვის ტექნიკური სპეციფიკაციებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შემდგომში კი პროექტის განხორციელების ზედამხედველობა.

ამ დროისთვის კონსულტანტი პროექტის კონცეპტუალურ დიზაინზე მუშაობს. მისი პირველადი ვერსია ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო სრული სატენდერო დოკუმენტაცია 2026 წლის დასრულებამდე უნდა მომზადდეს.

მერიის ინფორმაციით, სამშენებლო ტენდერის გამოცხადება 2027 წლის დასაწყისში იგეგმება. ტენდერის ჩასატარებლად ხელშეკრულებით 7 თვეა გათვალისწინებული, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის - 27 თვე, რასაც დამატებით 12-თვიანი დეფექტების შესახებ შეტყობინების პერიოდი მოსდევს.

შესაბამისად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ამ ეტაპზე ჯერ შერჩეული არ არის.

ამრიგად, თბილისის მერიის პასუხებიდან ირკვევა, რომ სამივე პროექტზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მშენებლობის დაწყება მომდევნო 12 თვის განმავლობაში განიხილება, ლილოს ნაგავსაყრელის გაზშემკრები სისტემის პროექტის დასრულება 2030 წლის ბოლომდე იგეგმება, ხოლო „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ ხიდის მოწყობა, ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე სატრანსპორტო თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები