მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროსადგურების "მარჯანიშვილი" - "სადგურის მოედნის" გვირაბის რეაბილიტაციაზე ₾6.3 მლნ დაიხარჯება

მეტროს გვირაბი

მეტროსადგურების "მარჯანიშვილისა" და "სადგურის მოედანს" შორის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაცია დაახლოებით ₾6.3 მლნ დაჯდება. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ვიგებთ, რომელიც უკვე დასრულებულია და ხელშეკრულება გაფორმებულია.

დოკუმენტის მიხედვით, ტენდერი 2025 წლის 17 მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 22 მაისს დასრულდა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, „ეი ჯი გრუპმა“ მიიღო, რომელთანაც 6,313,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დაიდო. შედეგად, კომპანიასთან ხელშეკრულება 2025 წლის 6 ივნისს გაფორმდა და ის 2027 წლის 17 აპრილამდე იმოქმედებს.

პროექტი მოიცავს მარჯანიშვილისა და სადგურის მოედნის მეტროსადგურებს შორის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციას, რაც დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილად განიხილება.

დოკუმენტის თანახმად, შესყიდვა სრულად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საკუთარი შემოსავლებით ფინანსდება. ამ დროისთვის, ხელშეკრულების ფარგლებში უკვე გადახდილია 3.4 მლნ ლარი, რაც ჯამური ღირებულების დაახლოებით 55%-ს შეადგენს. თანხის ძირითადი ნაწილი 2025 წელს ავანსის სახით გაიცა, ხოლო შემდგომი გადახდები 2026 წელს ეტაპობრივად გრძელდება.

რაც შეეხება შემსრულებელ შპს „ეი-ჯი გრუპს“, საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული. სამშენებლო მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიის ერთპიროვნული დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები