ბევრმა ბიზნესმა სადამფუძნებლო დოკუმენტების კანონთან შეუსაბამობის პროცესი დროულად ვერ დაასრულა, რამაც მძიმე სამართლებრივი და ფინანსური შედეგები გამოიწვია - ამის შესახებ BMG-სთან EY-ის იურიდიული პრაქტიკის Of Counsel-ი, ზაქარია შველიძე აცხადებს.
მისი განმარტებით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესი ქართული ბიზნესისთვის გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან კომპანიებმა ერთი მხრივ, დაუდევრობა გამოიჩინეს და დოკუმენტაციის მოწესრიგება არ იჩქარეს.
„მართალია, კანონმდებელმა ვადა რამდენჯერმე გადაიწია, მაგრამ როგორც ჩანს, ახალ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ბიზნესისთვის გამოწვევა იყო - გარკვეულწილად, გადავადებას ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებდა - რომ მოვახერხებ და გარკვეული ხნის შემდეგ მოვიყვან შესაბამისობაში. პირველ აპრილს კი, მოხდა ის, რომ კომპანიებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს სადამფუძნებლო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, საქმიანობა შეუჩერდათ. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემა იყო, იმიტომ რომ დირექტორების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებაც შეჩერდა, ასევე საბანკო ოპერაციების განხორციელება, საგადასახადო აქტივობები და ეს კომპანიისთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იყო“, - აცხადებს ზაქარია შველიძე BMG-სთან.
მეორე მხრივ, იურისტის განმარტებით, პრობლემა იყო საჯარო რეესტრის მუშაობაზეც - ბოლო პერიოდში განაცხადების დიდმა ნაკადმა რეესტრის რესურსების გადატვირთვა გამოიწვია, რის გამოც დროული რეაგირება გართულდა. გარდა ამისა, გამოიკვეთა არაერთგვაროვანი პრაქტიკის ტენდენციაც.
„პირველი აპრილისთვის დიდი ნაკადი მივიდა და ფაქტობრივად, რეესტრსაც აღარ ჰქონდა შესაბამისი რესურსი, რომ ამდენ განაცხადზე რეაგირება დროულად მოეხდინა. თუმცა, რეესტრის პრაქტიკა, გულწრფელად რომ ვთქვათ, განჭვრეტადი ვერ არის. ამას კიდევ გარკვეული ობიექტური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი აპლიკაცია, ბევრი განაცხადი არის წარდგენილი და როგორც ჩანს, რეესტრის რესურსი არ იყო ამისთვის მზად, რაც გარკვეულწილად გასაგებია.
მეორე მხრივ, იკვეთება არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთი კომპანიის შემთხვევაში რეესტრის პოზიცია, შეჩერების საფუძველთან და შემდგომ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაში იყო ერთი და იგივე პრობლემასთან დაკავშირებით სხვა კომპანიასთან მიმართებით - სხვა. ანუ, განჭვრეტადობასთან ერთად, არაერთგვაროვნების ტენდენციებიც ჩანს. ამასაც აქვს თავისი ობიექტური ახსნა - ახალი კანონია მეტ-ნაკლებად და გარკვეულწილად, განვითარების ეტაპს გადის. ეს ეხება როგორც ბიზნესს, იურისტებს, ასევე, რეესტრის კონსულტანტებსაც, ვინც რეგისტრაციას ახორციელებს“, - განმარტავს ზაქარია შველიძე.
მიუხედავად სირთულეებისა, იურისტი დადებითად აფასებს კანონში შესულ ცვლილებებს და სასამართლო სისტემის მზაობას.
„კანონის ამოქმედებიდან ოთხი წელი გავიდა და არაერთი დავა გვაქვს, მაგალითად, დირექტორის მხრიდან ზრუნვის მოვალეობის ვალდებულებების დარღვევაზე, პარტნიორის გარიცხვის, პარტნიორის წილის გამოსყიდვის ნაწილში. სასამართლო, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, მზად აღმოჩნდა ამ ახალი რეგულირების ფარგლებში და როდესაც შევადარებთ ძველი კანონის პერიოდში არსებულ სასამართლოს მსჯელობებს და ახალი კანონის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საკმაოდ თამამ და სიღრმისეულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს სასამართლო“ - ამბობს ზაქარია შველიძე.
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი ძალაში 2022 წელს შევიდა, რომლის თანახმად, კომპანიებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება დაევალათ. მათ შორის, პარტნიორთა, აქციონერთა და დირექტორთა შესახებ მონაცემების განახლება, საწარმოების სამართლებრივი ფორმების შესაბამისობაში მოყვანა, წესდებების გადამუშავება და რეესტრში ინფორმაციის დაზუსტება. მთავარ მიზნად კი, ბიზნესის შესახებ მონაცემების დაზუსტება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იყო დასახელებული.
მთავრობის ანგარიშის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან ამ დროისთვის, დაახლოებით, 414 000 ბიზნესსუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემებია შესაბამისობაში მოყვანილი.




























