GT Consulting-ის პარტნიორის და იურისტის, ვასილ ჟიჟიაშვილის განცხადებით, "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ბიზნესსუბიექტებისთვის საჯარო-პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვასა და დარღვევის შემთხვევაში მკაცრი სანქციების ამოქმედებას ითვალისწინებს, კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და მეწარმეობის თავისუფლებებეს არღვევს.
ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ფიტნესკლუბ "რეფორმერის" დამფუძნებელ გიორგი ფუტკარაძეს წარმოადგენს, რომელმაც "მეწარმეთა შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები გაასაჩივრა და სადავო ნორმების გაუქმებაც მოითხოვა.
როგორც იურისტმა "საქმიანი დილას" ეთერში განმარტა, წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი ორ უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ უფლებას - გამოხატვის თავისუფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას ეფუძნება. ჟიჟიაშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ დასახელებული მოტივი, დაიცვას საზოგადოება ბიზნესის გავლენისგან, არ შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
"კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს მხოლოდ ძალიან მკვეთრად განსაზღვრული ლეგიტიმური, ანუ ღირებული ინტერესების არსებობისას არის დასაშვები. ბიზნესი საკუთარ ეკონომიკურ თუ სხვა სახის გავლენას ყოველთვის გამოიყენებს და დემოკრატიისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მეწარმეს, გარდა იმისა, რომ ბევრს შრომობს, დოვლათს ქმნის და გადასახადებს იხდის, საზოგადოების განვითარებაზე საკუთარი ხედვის გამოხატვის შესაძლებლობაც ჰქონდეს", - აცხადებს ვასილ ჟიჟიაშვილი.
მისივე განმარტებით, თანამედროვე სამყაროში ბრენდების ღირებულებები და პოზიციონირება მომხმარებლისთვის გადამწყვეტი გახდა, რაც თვალსაჩინო გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მაგალითზეც.
"თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ბრენდის მომხმარებლისთვის უმნიშვნელოვანესია იცოდეს ამ ბრენდის ღირებულებათა სისტემა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ აქტიური მომხმარებლებისთვის მხოლოდ სერვისი ან პროდუქტის ხარისხი აღარ არის საკმარისი. მათთვის მნიშვნელოვანია ისიც, თუ სად დგახარ - უჭერ თუ არა მხარს რუსეთის დამპყრობლურ მიზნებს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ მოცემულ შემთხვევაში გიორგი ფუტკარაძესა და მის ბიზნესს სწორედ ამ შესაძლებლობას ართმევენ", - ამბობს იურისტი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც კანონი ინდივიდებსა და მათ პირად გამოხატვას არ ეხება და მხოლოდ იურიდიული პირების რეგულირებას ისახავს მიზნად, ვასილ ჟიჟიაშვილი აღნიშნავს, რომ იურიდიული პირები ფიქციებია, რომელთა უკან ყოველთვის კონკრეტული ფიზიკური პირები დგანან.
"ნებისმიერი საწარმო საკუთარ ფუნქციებს ახორციელებს კონკრეტული ადამიანების - დირექტორის, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა თუ სხვათა მეშვეობით. სისხლის სამართლის კოდექსში პირდაპირ წერია, რომ სასჯელი პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენ ხომ საწარმოს ვერ დავაპატიმრებთ? საწარმოსთვის ლიკვიდაციაა განსაზღვრული, შესაბამისად, ეს წესი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება", - განმარტავს ჟიჟიაშვილი.
ამასთან, იურისტი უარყოფს მოსაზრებას, რომ ბიზნესმენს შეუძლია მარტივად გაიმიჯნოს საკუთარი კომპანიისგან და განცხადებები პირადი სახელით გააკეთოს. მისი თქმით, პრაქტიკაში ასეთი გამიჯვნა ხელოვნურია და სახელმწიფოს მხრიდან მაინც შეიძლება შეფასდეს, როგორც რეგულაციისთვის თავის არიდების მცდელობა.
კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში გასულ კვირას დარეგისტრირდა. კანონმდებლობის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 9-თვიანი ვადა სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად. მოსარჩელე მხარე, პარალელურად, სადავო ნორმების შეჩერებასაც ითხოვს გადაწყვეტილების მიღებამდე.
ვასილ ჟიჟიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონი თანაბარ საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა:
"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - ეს საზოგადოებასაც კარგად ესმოდეს - ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესია თუ მისი მოწინააღმდეგე, ნებისმიერ ბიზნესს ეხება ეს წესი, ნებისმიერ მეწარმეს ეხება ეს წესი. ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებაც კი შეიძლება გახდეს ამის მსხვერპლი, ცხადია".
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიული დაფინანსების კონტროლის მექანიზმები ქვეყანაში ისედაც მკაცრად არის დარეგულირებული, ახალი კანონის ერთადერთი გამოსავალი მისი სრული გაუქმებაა, რადგან ის ბიზნესს უბრალო საზოგადოებრივ თემებზე (როგორიცაა განათლება, არასრულწლოვანთა უფლებები და სხვა) აზრის გამოხატვასაც კი უზღუდავს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.
პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.




























