მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცხოველეობის დარგში უპრეცედენტო მხარდაჭერას ველოდებით - ნიკოლოზ ბენიაიძე

ფერმა

მეცხოველეობის დარგში უპრეცედენტო მასშტაბის დახმარებას ველოდებით - ამის შესახებ BMG-სთან „მერძევეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დარგობრივ ასოციაციებთან გამართულ შეხვედრაზე.

როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეცხოველეობის სექტორისთვის ახალ, მასშტაბურ რეფორმას ამზადებს, რომელიც დარგში არსებული კრიზისული ვითარების გამოსწორებას და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე სამინისტროსთან გამართულ შეხვედრას „უპრეცედენტოს“ უწოდებს და ამბობს, რომ ახალი ინიციატივები ფერმერების მოთხოვნებს მაქსიმალურად ასახავს.

„ჩვენი შეთავაზება და თხოვნა იყო, რომ მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანა 50/50-ზე დაფინანსებით ყოფილიყო - 50% გრანტი და 50% იაფი სესხი. ცვლილებებით კი, მთლიანობაში ფერმა დაფინანსდება, და არა მხოლოდ პირუტყვის შემოყვანა. ეს ეხება მთლიანად ფერმის მშენებლობას და 50%-ის გრანტს. დეტალები ზუსტად არ ვიცით, თუმცა დაფინანსება შეეხება არა მარტო მერძეულ, არამედ, მეცხოველეობის მიმართულებასაც.

ამ დარგს შველა დროულად სჭირდება, რადგან იმპორტირებული პროდუქტები $100 მილიონამდე გაიზარდა რძის და ხაჭოს ნაწილში, ფხვნილის შემოტანა გაზრდილია, ადგილობრივი ნედლი რძის წარმოება კი, შემცირებული. ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იყო მთავრობის მხრიდან, რომ ამ პროექტისთვის მხარი დაეჭირათ. ეს წაადგება როგორც მერძეულ, ასევე, მეხორცულ მიმართულებასაც. ეს იქნება უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით აღმასვლა დაიწყება და ერთ-ორ წელიწადში მაინც შევძლებთ, ჩვენს ბაზარი 100%-ით ნედლი რძით დავფაროთ და ექსპორტზეც გავიტანოთ“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე BMG-სთან.

მისივე ცნობით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე სწორედ, მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანისა და ფერმების მშენებლობის თანადაფინანსების მოდელია.

მიუხედავად იმისა, რომ დეტალები (მაგალითად, დაფინანსების ზედა ზღვარი) უახლოეს კვირებში დაზუსტდება, პროგრამა ფერმერებს საშუალებას მისცემს, თანამედროვე ტექნიკითა და მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობები შექმნან.

როგორც ბენიაიძე განმარტავს, კიდევ ერთი ფაქტორი მეზობელი ქვეყნების (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) აგრესიული სუბსიდირების პოლიტიკაა, რის გამოც ქართული ბაზარი იმპორტირებული ნაწარმით გაჯერდა. ევროპაში კი მაღალპროდუქტიული პირუტყვი მნიშვნელოვნად გაძვირდა, რამაც ქართველი ფერმერებისთვის, მისი შემოყვანა, სახელმწიფო დახმარების გარეშე თითქმის შეუძლებელი გახადა.

ნიკოლოზ ბენიაიძე იმედოვნებს, რომ ახალი პროგრამა ქვეყანაში არსებულ ცხოველთა ჯიშებსაც გააუმჯობესებს, რომლებიც, მისი შეფასებით, 90%-ით გადაგვარებულია.

„ეს ხორცის მიმართულებაზეც აისახება, იმიტომ რომ ეს ფერმები არ იმუშავებენ მარტო მერძეული მიმართულებით. მაგალითად, ბევრი ფერმერი აპირებს ხორცის დეფიციტიდან გამომდინარე, რომ მერძეულ-მეხორცული მიმართულებით განვითარდეს, ჯიშები შემოყვანა ძალიან კარგი იქნება, როგორც დარგისთვის, ისევე სასურსათო უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე და აღნიშნავს, რომ პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, რომლებიც ქართველ ფერმერებს გამოცდილებას რამდენიმე წლის განმავლობაში გაუზიარებენ.

მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარის პროგნოზით, ცვლილებები სექტორში უახლოეს 1-2 თვეში დაიწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრორეფორმას აანონსებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, პროგრამის ძირითადი მიმართულებები შემუშავდა, რაც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. სამინისტროსვე ინფორმაციით, რეფორმა ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები