მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეცნიერები შიშობენ, რომ რეფორმების შედეგად, შესაძლოა, ქართული უნივერსიტეტები "ჩამოიშალონ"" - Times Higher Education

ილიაუნი

"მეცნიერები შიშობენ, რომ რეფორმების შედეგად შესაძლოა, ქართული უნივერსიტეტები "ჩამოიშალონ"- ამის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Times Higher Education-ი წერს და საქართველოში დაანონსებულ საგანმანათლებლო რეფორმას მიმოიხილავს.

სტატიის ავტორი რეფორმებთან დაკავშირებით ქართველ და ევროპელ პროფესორებს გაესაუბრა. კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორ თამარ ცოფურაშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტმეცნიერების ასისტენტ-პროფესორ სანდრო ტაბატაძეს და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ისტორიის დეპარტამენტის პროფესორ ბალაშ ტრენჩენს.

"აკადემიური წრეების წარმომადგენლები ქართული უმაღლესი განათლების სისტემის "ჩამოშლის" საფრთხეზე საუბრობენ. მათი შიში იმ რეფორმებს უკავშირდება, რომლებიც სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობის შემცირებას, უცხოელი სტუდენტების მიღების მკვეთრად შეზღუდვასა და ქვეყნის მასშტაბით საუნივერსიტეტო ფაკულტეტების დახურვას ითვალისწინებს.

მიდგომა "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" ქვეყნის მასშტაბით საუნივერსიტეტო დეპარტამენტების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. მთავრობა თავად განსაზღვრავს, რომელ ფაკულტეტებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების უფლება, დეპარტამენტებს კი სრული პროფესორები უხელმძღვანელებენ, რომლებთანაც შეზღუდული რაოდენობის ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორები იმუშავებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, "გამონაკლის" შემთხვევებში შეეძლებათ.

რეფორმების წარდგენისას კობახიძემ განაცხადა, რომ მათი მიზანი ისეთი "გამოწვევების" დაძლევაა, როგორიცაა "აკადემიური რესურსების არარაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის არაერთგვაროვნება", "სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის", შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა და "სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი დაფინანსების სისტემა და ინფრასტრუქტურა".

კობახიძის თქმით, რეფორმები "ქვეყანაში უმაღლესი განათლების თვისებრივად განსხვავებულ სისტემას ჩამოაყალიბებს, რომელიც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება".

თუმცა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი თამარ ცოფურაშვილი აცხადებს, რომ "ყველაზე დიდი საშიშროება რეფორმის შემდეგ ქართული განათლების სისტემის ჩამოშლაა". მისი თქმით, თუ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების ხანგრძლივობა შემცირდება, "ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ სისტემებთან ჰარმონიზებული აღარ იქნება, რაც უნივერსიტეტებისა და სტუდენტების იზოლაციას გამოიწვევს და შეამცირებს მათ შანსებს, ისარგებლონ ისეთი გაცვლითი პროგრამებით, როგორიცაა Erasmus+".

ცოფურაშვილის განმარტებით, მიდგომა "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" მკვეთრად შეზღუდავს სტუდენტების არჩევანს და ბევრ მათგანს "უნივერსიტეტზე ხელი საერთოდ აღარ მიუწვდება". მკვლევრებისთვის შესაძლებლობების შეზღუდვა კი გამოიწვევს "დიდ ალბათობას, რომ განათლებული ადამიანები ქვეყანას დატოვებენ, რაც ტვინების გადინებას განაპირობებს".

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტმეცნიერების ასისტენტ-პროფესორი სანდრო ტაბატაძე მიიჩნევს, რომ რეფორმების შედეგად "ის პროფესორები, რომლებიც მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას არ იჩენენ, უნივერსიტეტებიდან მარტივად გაიცხრილებიან".

ცოფურაშვილი ასევე ვარაუდობს, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის დაწესებული შეზღუდვები უნივერსიტეტებზე ფინანსურ წნეხს გაზრდის. "საერთაშორისო სტუდენტები ქართველ სტუდენტებთან შედარებით ორმაგ გადასახადს იხდიან, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს აძლევს სახსრებს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და სახელმწიფოსგან მათ მეტ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს".

მისი თქმით, უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა "საუნივერსიტეტო ავტონომიაზე მიტანილი ფინანსური იერიშია", რომლის მიზანსაც "პოლიტიკური კონტროლის" გაზრდა წარმოადგენს.

ამჟამად სამედიცინო მიმართულება უცხოელ სტუდენტებში განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან ქართული უნივერსიტეტები მათ მედიცინის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებს სთავაზობენ. ტაბატაძის თქმით, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები იძულებულნი გახდებიან, მიღება მნიშვნელოვნად შეამცირონ, "ამ რეფორმით კერძო უნივერსიტეტები იხეირებენ, რადგან ისინი უფრო და უფრო მეტი სამედიცინო სტუდენტის მიღებას შეძლებენ".

მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების მიმართ მთავრობის ყურადღება მას შემდეგ გამკაცრდა, რაც "უცხოეთის აგენტების" კანონის წინააღმდეგ გამართულ ფართომასშტაბიან პროტესტში სტუდენტებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. "ამის შემდეგ "ქართული ოცნების" ბევრი მხარდამჭერი აცხადებდა, რომ უნივერსიტეტებში სისტემური პრობლემაა", - განაცხადა ტაბატაძემ და იქვე გაიხსენა პრემიერ კობახიძის (რომელიც თავად თსუ-ის ყოფილი ლექტორია) დაპირება სისტემის "მოწესრიგების" თაობაზე.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი ბალაშ ტრენჩენი აცხადებს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები იზოლირებულ შემთხვევად არ უნდა განვიხილოთ და სტუდენტური პროტესტის ჩახშობის მსგავს მაგალითად სერბეთს ასახელებს.

მისი თქმით, ადრე არსებობდა "ილუზია", რომ "ავტოკრატიული რეჟიმები", განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, "არ იყვნენ დაინტერესებულნი უმაღლესი განათლების სისტემის მოშლით, რადგან მათ გარკვეული ტიპის განათლებული ელიტა სჭირდებოდათ".

"არსებობდა ერთგვარი კომპრომისი, რაც, როგორც ჩანს, ბევრ ამ ქვეყანაში მუშაობდა, მაგრამ რაღაც მომენტში ეს კომპრომისი დაირღვა. [უმაღლეს განათლებაზე] ეს შეტევა გაცილებით უფრო პირდაპირი გახდა", - აღნიშნა ტრენჩენიმ Times Higher Edutaction-თან.

პარლამენტმა გასულ კვირას უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილება შევიდა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები