მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეცნიერებმა დედამიწის “ციფრული ტყუპისცალი” შექმნეს - ინვესტიცია €315 მლნ

დედამიწის მოდული

მეცნიერებმა დედამიწასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული ციფრული სიმულაცია შექმნეს, რომელიც პლანეტაზე დაკვირვების საშუალებასა და ექსტრემალური ამინდის პირობებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა - ამის შესახებ Euronews იტყობინება.

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული “ციფრული ტყუპისცალი” ბუნებრივი ფენომენისა და ადამიანთა აქტივობის ინტერაქციის სიმულაციას ქმნის და შეუძლია, იწინასწარმეტყველოს მათი გავლენა წყლის, საკვების ან ენერგეტიკის სისტემებზე.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მოდულის შექმნამდე, კლიმატური თუ ამინდის პროგნოზი, როგორც წესი, ან მხოლოდ ადგილობრივ რეგიონებზე იყო კონცენტრირებული, ან მხოლოდ გლობალურ მასშტაბებზე, ახალი პროექტი კი, რომელიც Destination Earth-ის (DestinE) სახელითაა ცნობილი, ყველა ამ ინფორმაციას ერთ სისტემაში აერთიანებს და, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით, “დედამიწაზე მიმდინარე კომპლექსურ პროცესებს” ასახავს.

პროექტი ევროპული კომისიის მიერ 10 ივნისს ჩაეშვა, მანამდე, ციფრული მოდულის შესაქმნელად “ციფრული ევროპის” პროგრამიდან €315 მილიონზე მეტი დაიხარჯა - მიზანი მეცნიერთათვის ეფექტური მეთოდის შეთავაზებაა, რომლებიც მოსალოდნელ სცენარებზე დაკვირვებისა და შესაბამისი პრევენციული ზომების შემუშავების საშუალებას მისცემთ.

DestinE ამჟამად ორი მოდელისგან შედგება - ერთ-ერთი მათგანი კლიმატის ცვლილებაზეა ფოკუსირებული, მეორე კი - ამინდის ექსტრემალურ პირობებზე.

ციფრული დედამიწა მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება. პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ პლანეტის ზუსტი ციფრული ანალოგის შექმნა 2030 წლისთვის დასრულდება.

კლიმატის ცვლილებასა და გლობალურად საშუალო ტემპერატურის ზრდასთან ერთად კლიმატურ კრიზისზე დაკვირვება ყოველწლიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 1970 წლიდან 2021 წლამდე ექსტრემალურ ამინდს ორ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ, Destination Earth ევროპას - და შემდეგ მსოფლიოს - დაეხმარება, ბუნებრივ სტიქიებს უფრო ეფექტურად ებრძოლოს.

ავტორთა გუნდი იმედოვნებს, რომ 2027 წლისთვის DestinE არ იქნება ერთადერთი “ციფრული ტყუპისცალი”, რისთვისაც ისინი დამატებით სერვისებზე უკვე მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები