მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მევენახეები მიაჩვიეს იმ სიტუაციას, რომ წლების განმავლობაში გარანტირებული შესყიდვები ჰქონდათ - „ხომლის მარანი"

თამაზ ომანაძე

მევენახეობის სუბსიდირებამ სექტორი დააზიანა, რის გამოც დარგი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ „ხომლის მარნის“ დამფუძნებელმა, თამაზ ომანაძემ "ანალიტიკაში" განაცხადა.

„ჩვენ პრაქტიკოსი მევენახეები ვართ, უშუალო შეხება გვაქვს ამ დარგთან და ვხედავდით, რომ სუბსიდირება მოკლავდა მას. არ ვიცი, რა უნდა ჩაერიოს, რომ დარგი გაცოცხლდეს. ყველამ ვიცით, მევენახეობას რას წარმოადგენს, ის ქართველის იდენტობაა. სუბსიდიამ ვენახების ფართობი უსაზღვროდ გაზარდა. ვენახი გაშენდა იქაც კი, სადაც არც ისტორიულად და არც მოგვიანებით არასდროს ყოფილა. ამასთან, კატასტროფულად არის გაზრდილი გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ზონებიც ის, რისგანაც შექმნილი უნიკალური ღვინოებითაც მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიდეთ. სუბსიდიამ ეს შედეგი გამოიწვია და ახლა ხალხი შოკურ მდგომარეობაშია. ვუყურებთ, ინფორმაციაც გვაქვს და მოწმენიც ვართ, რომ ეს გამოსვლები პირამიდის პრინციპია და ეს პირამიდა ინგრევა. ფერმერები და მევენახეები მიაჩვიეს იმ სიტუაციას, რომ წლების განმავლობაში გარანტირებული შესყიდვები ჰქონდათ. აქ ხარისხზე საუბარიც არ ყოფილა, იყო მხოლოდ გარანტირებული შესყიდვა. ამ ყველაფერში კი მილიონები იდებოდა, რომელიც ფაქტობრივად სოციალური დახმარება იყო. ამან გამოიწვია ეს შედეგი", - განაცხადა ომანაძემ.

ყურძნის დაბალ ფასს კახეთში აქციები მოჰყვა. მევენახეების აქციების მეორე დღეს, 22 სექტემბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ მცირედით ზრდიან შესასყიდი ყურძნის ფასს შაქრიანობის მიხედვით. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასებში შევიტანოთ ცვლილება. ვითვალისწინებთ რა იმ მოცემულობას, რომ წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება, კონდიციურობის მიხედვით იქნება ახალი ფასები“, - განაცხადა მან.

განახლებული ფასები ასეთია:

  • 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში - 1.50 ლარი;
  • 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში - 1.30 ლარი;
  • 16-დან 20 გრადუსამდე საფერავი - 1 ლარი;
  • 16-დან 19 გრადუსამდე რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი - 90 თეთრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები