მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეწილეთა შორის სახელმწიფოს შემოსვლამ დადებითი როლი ითამაშა - IDS ბორჯომის პრეზიდენტი

64676a8d1459f
შოთა ტყეშელაშვილი
20.05.23 10:30
912
IDS ბორჯომის პრეზიდენტმა, ლევან ბაღდავაძემ BMG-ის კითხვაზე თუ რა შეიცვალა კომპანიის საქმიანობაში მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო IDS Borjomi International-ის აქციონერი გახდა, უპასუხა, რომ ამ ცვლილებამ კომპანიის ოპერირებაზე დადებითი გავლენა მოახდინა.

2022 წლის ივნისში IDS Borjomi International-ის (ანუ Rissa Investments Limited-ის) აქციათა 7.73% საქართველოს სახელმწიფოს გადაეცა, ამასთან, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ სახელმწიფომ გიორგი მაისურაძე დანიშნა.

“მინდა ვთქვა, რომ 2022 წელი იყო ძალიან რთული "ბორჯომის" კომპანიისთვის. საომარმა ვითარებამ შექმნა პრობლემები განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით. მთავრობის შემოსვლამ დადებითი როლი ითამაშა, იმდენად, რომ შემცირდა სანქცირებული აქციონერების წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში, რამაც უფრო მეტი ნათელი მოჰფინა კომპანიის მომავალს და მის აქტიურ მოქმედებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ევროკავშირის და ამერიკის ბაზარი.

მინდა გითხრათ, რომ 2023 წლის პირველი კვარტლის შედარება წინა წელთან შეუძლებელია. რადგანაც საომარი მოქმედებები თებერვალში დაიწყო, პირველი კვარტალი შარშანდელი წლის ბევრად უკეთესი იყო. თუმცა, საერთო სურათი აჩვენებს იმას, რომ 2023 წელი ექსპორტის კუთხით უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე გასული წელი,”- განაცხადა ლევან ბაღდავაძემ.

საჯაროდ გამოქვეყნებულია Rissa Investments Limited-ის 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი 254 მილიონი დოლარი, წმინდა მოგება კი 30.9 მილიონი დოლარი იყო. ჯერჯერობით საჯაროდ უცნობია რამდენი მილიონი დოლარი იყო კომპანიის სრული წმინდა მოგება.

BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილით, იმის თაობაზე გასცემს თუ არა ჰოლდინგი 2022 წლის წმინდა მოგებიდან დივიდენდებს და უშუალოდ საქართველოს ბიუჯეტი რამდენი მილიონი დოლარის შემოსავალს მიიღებს აქციათა მინორიტარული პაკეტიდან.

ბორჯომი ჰოლდინის (Rissa Investments Limited-ის) აქციონერების ჩამონათვალი ასე ნაწილდება:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი და პეტრ ავენი - “ალფა ჯგუფი”) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, IDS Borjomi International-ი ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო. 2021 წელს კი მისმა გაყიდვებმა 558 მილიონ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები