მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მფრინავი ტაქსების მწარმოებლის აქციები ერთ დღეში 270%-ით გაიზარდა

Lilium

გერმანული სტარტაპი შობის სასწაულის მომსწრე გახდა – ელექტრონული მფრინავი ტაქსების მწარმოებელ Lilium-ს მიმდინარე კვირის დასაწყისში გაკოტრების გამოცხადება, თანამშრომლების განთავისუფლება და საქმიანობის შეწყვეტა მოუწია. თუმცა სწორედ შობის დღეს მან ინვესტორთა კონსორციუმის, Mobile Uplift-ის მხრიდან გამოსყიდვასთან დაკავშირებით ოფიციალური დასტური მიიღო, რამაც ბირჟაზე მისი აქციების 270%-იანი ზრდა გამოიწვია.

ფაქტობრივად გაცამტვერებულმა კომპანიამ წლის მიწურულს ერთ-ერთი საუკეთესო 24-საათიანი ზრდა დააფიქსირა და თან საქმიანობის გაგრძელების საშუალებაც მიიღო, რადგან ინვესტორები სტარტაპში თანხის დაბანდებას და ტექნოლოგიის განვითარებას გეგმავენ.

უშუალოდ Lilium-ის საქმიანობას რაც შეეხება, მას ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან ვერტიკალური აფრენის მქონე სატრანსპორტო საშუალებების შექმნის, წარმოებისა და გამოყენების უფლება აქვს და ის ამჟამად საჰაერო ტაქსის შექმნას ცდილობს. მისი ელექტრონული პროტოტიპი სრული დამუხტვით 300-მდე კილომეტრს გადის და მას საკმაოდ სწრაფადაც შეუძლია ფრენა.

Lilium-ის საჰაერო ტაქსი ურბანული გამოყენებისთვის იქნება გათვლილი და თავისი არსით, ის დიდი ზომის დრონს უფრო ჰგავს, ვიდრე თვითმფრინავს. აღსანიშნავია, რომ მცირე და საშუალო ზომის სტარტაპების გარდა, მფრინავი ტაქსების შექმნაზე ინდუსტრიული გიგანტებიც მუშაობენ, მათ შორის ამერიკული Boeing-ი და ევროპული Airbus-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები