დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი აცხადებს, რომ „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონპროექტი მზადაა. დავით ონოფრიშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტი კანონპროექტს შეკრების შემდეგ განიხილავს. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ეს კანონპროექტი მზადაა და მგონია, რომ პარლამენტი როდესაც შეიკრიბება, ამ კანონპროექტის განხილვა მოხდება", - თქვა ონოფრიშვილმა.
ის არ აკონკრეტებს, რას ითვალისწინებს პროექტი და აღნიშნავს, რომ წლების წინ დაინიცირებულ ვერსიასთან შედარებით ცვლილებები არის.
"ბევრი რამ არის შეცვლილი, მაგრამ დაველოდოთ ჯერ კანონპროექტს, რომელიც საბოლოო ვარიანტით იქნება წარდგენილი. ფუნდამენტური ცვლილებები არ არის, მაგრამ მცირე ცვლილებები რა თქმა უნდა არის. ყველა ერთად გავიგებთ რა იქნება, როცა კანონპროექტი შევა პარლამენტში",- უთხრა დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება საკითხს, თუ რას მოუტანს ბაზარს და მომხმარებლებს ცვლილებები, ონოფრიშვილის ამბობს, რომ დაზღვევის სავალდებულო ხასიათი ბაზარს გაზრდის და მომხმარებლებისთვის კი მეტ დაცულობას უზრუნველყოფს.
"სავალდებულო დაზღვევა ბაზარს ზრდის თავისთავად. მომხმარებელს მოუტანს იმას, რომ ამაზე უკეთესი მიდგომა ჯერ მსოფლიოში არ გამოგონებულა. როდესაც სხვადასხვა შემთხვევის დროს შენ არ ხარ დამნაშავე და ინციდენტში მოხვდები, მანქანა დაიმტვრევა ან სხვადასხვა ზომის დაზიანებას მიიღებს, შენ ამაში თავისთავად არ იხდი თანხას და არც ის იხდის, ვინც დაგაზიანა, თუ გადაცდომა არ იყო მისი მხრიდან. ანუ მთლიანობაში ყველა დაცულია", - განმარტა ონოფრიშვილმა.
ცნობისთვის, საკითხზე მსჯელობა უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. თავდაპირველად ფინანსთა სამინისტროსა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამასთან, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წლისთვის ჰქონდა.