მოლოდინია, რომ ეკონომიკის განვითარების ბანკი არსებული სახელმწიფო პროგრამების გამაერთიანებელი, უფრო ფორმალიზებული და მასშტაბური უწყება იქნება - ამის შესახებ საბანკო ასოციაციაში აცხადებენ.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტი BMG-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან რა ინფორმაციაა გაცხადებული, ახალ უწყებას კლასიკური ბანკის სახე არ ექნება და მასში თავს მოიყრის დაკრედიტების, სუბსიდირების და საგარანტიო სქემების ყველა ის სახელმწიფო პროექტი, რაც ახლაც მოქმედებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სექტორს ეკონომიკის განვითარების ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ აქვს.
კითხვაზე, იქნება თუ არა ახალი ფინანსური ინსტიტუტი კომერციული ბანკების კონკურენტი, ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ ის საბანკო სექტორის პირდაპირი კონკურენტი ვერ იქნება. თუმცა ძნელაძე ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც რაიმე სახით დაფინანსებას ან ფინანსურ სუბსიდიას გასცემს, გარკვეულწილად საბანკო სექტორის კონკურენტია.
“როგორც ვიცი, [ეკონომიკის განვითარების ბანკთან] დაკავშირებით ერთიანი პრეზენტაცია იქნება. ამ პროექტზე ძალიან დიდი ხანია მუშაობს მთავრობა და ეკონომიკური გუნდი. ბანკი უფრო მეტად ალბათ სახელის ნაწილი არის და არა მისი ფორმის და შინაარსის. დღესაც, ამ მიმართულებით არსებობს სამთავრობო პროექტები, რომლებიც უშუალოდ გრანტების, საგარანტიო სქემების სახით და სუბსიდირების სხვა ფორმით უკვე ახორციელებს იგივე სახის და ფორმის სამუშაოებს. მგონია, რომ უფრო ფორმალიზებული, ერთიანი და მასშტაბური იქნება ეს ყველაფერი. რაც იყო გაცხადებული, ეს არ არის კლასიკური გაგებით ბანკი, მაგრამ ეს არის კლასიკური გაგებით განვითარების ბანკი როგორებიც სხვა ქვეყნებშიც არსებობს. [ფინანსების] მოზიდვის ნაწილში შეიძლება ცოტა უფრო მოქნილი იყოს.
[ეკონომიკის განვითარების ბანკი კომერციული ბანკების] პირდაპირი კონკურენტი, რა თქმა უნდა, არ იქნება და ამასთან მიმართებაში არაერთხელ განაცხადეს კიდევაც. ეს არ იქნება ლიცენზირებული ბანკი. თუმცა მეორე კუთხით - [კონკურენტი] იქნება, იმიტომ რომ დაფინანსებით შემოდის [ბაზარზე]. მაგრამ ნებისმიერი ფონდი, ნებისმიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის თუ არა ბანკის კონკურენტი? რამდენადაც არის, იმდენად არ არის”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.
ცნობისთვის, მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნას გეგმავს, რომელიც სააგენტო “აწარმოე საქართველოში” და საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი საპარტნიორო ფონდი) შერწყმით უნდა შეიქმნას.




























