მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მგონია, რომ კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის 50%-იანი შეღავათი დაბრუნდება - ტრაპაიძე "თეთრ სიაზე"

პაატა ტრაპაიძე

„კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებლის შეფასებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. თეთრ სიასთან დაკავშირებით კომპრომისულია.

საქმე ისაა, რომ მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც, ამ სიაში მყოფ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. 2027 წელს ეს მოცულობა 70% იქნება, ხოლო 2028 წელს 80%.

პაატა ტრაპაიძე BMG-სთან საკითხის შეფასებისას აცხადებს, რომ მთავრობის არგუმენტები „თეთრ სიასთან“ დაკავშირებით მიდგომების გამკაცრების ნაწილში მისაღებია. თუმცა „კავკასუს როუდ პროჯექტის" დამფუძნებელი ასევე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის კვლავ დაბრუნდება ძველი წესი, რომლის მიხედვითაც კომპანიები ავანსის თანხის 50%-ის ოდენობის გარანტიას წარადგენდნენ.

„მთავრობასთან მსჯელობის შედეგად ვცდილობდით, რომ კომპრომისი მოგვენახა. ჩემი აზრით, ეს კომპრომისი მიღწეულია და ეს დადგენილებაც ზუსტად ამას ასახავს. „თეთრი სიის“ საერთოდ გაუქმებას აპირებდნენ და გაუქმებას ბუნებრივია, ეს ჯობია. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ოპტიმალური ვარიანტი ნახა, რომ ჩვენს გარშემო ე.წ. თაღლითები არ იყვნენ.

მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და მრავალი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის დავალებებს, მას დაუბრუნდება ისევ ის 50%-იანი შეღავათი. ყველა კეთილსინდისიერ შემსრულებელს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ იმუშაოს კეთილსინდისიერად. სახელმწიფომ, დამკვეთმა მაქსიმალურად უნდა შექმნას ის პირობები, რომ კეთილსინდისიერი შემსრულებელი და მშენებელი მაქსიმალურად დაფასებული იყოს”, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

ცნობისთვის, „თეთრ სიაში“ ცვლილებების შეტანის მთავარ მოტივად ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბიზნესის ნაწილის მხრიდან შესაბამისი პრეფერენციების არაკეთილსინდისიერად გამოყენება დაასახელა. რევაზ სოხაძე აცხადებდა, რომ შედეგად სახელმწიფო საკმაოდ კაბალურ პირობებში აღმოჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები