მგონია, რომ სანქციებმა დაიგვიანა, მან ვეღარ შეასრულა პრევენციული ეფექტი რომ საქართველო ამ დღეში არ აღმოჩენილიყო, - ასე აფასებს დასავლეთის რეაგირებას "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი. როგორც მან გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა, დღეს "ოცნების" მაღალჩინოსნებისა და გარემოცვის მიმართ სანქციებს მხოლოდ სადამსჯელო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.
„ეს, რა თქმა უნდა, იქნება დიდი დისკომფორტი როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ასევე, ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის, თუმცა სანქციები არ არის პანაცეა. დღეს, ცალკე აღებული სანქციები ვერ შეასრულებს იმ როლს, რასაც ის შეასრულებდა 1-2 წლის წინ რომ დაეწესებინათ, როდესაც ამის საფუძველი უკვე არსებობდა“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ბიბილაშვილი ფიქრობს, რომ საქართველო „რეალურად საერთაშორისო კონიუნქტურის მძევალი გახდა“ და აქ ვითარების შემობრუნება დიდწილად დამოკიდებული იქნება გლობალურ პროცესებზე, მათ შორის იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში.
„გვახსოვს, რომ 1970-1980-იან წლებშიც უამრავი ადამიანი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვება მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა საერთაშორისო კონიუნქტურა გახდა ამისთვის ხელსაყრელი... როდესაც საბჭოთა კავშირი იმდენად დასუსტდა, რომ შიგნიდან ჩამოიშალა. ჩვენ დიდწილად დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში, რუსეთში, ტრამპის ეს პოლიტიკა ჩამოყალიბდება ისე, როგორც უნდა დემოკრატიულ სამყაროს, თუ არა. თუ ეს ასე იქნა, მაშინ ვფიქრობ, რომ რუსეთს შანსი არ გააჩნია“, - განმარტა ზაზა ბიბილაშვილმა.