მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მგზავრები ბაკურიანში": სასტუმროს დატვირთულობა 100%-დან 50%-მდე შემცირდა

5e12f57297a3e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.01.20 13:11
3636
„მგზავრები ბაკურიანში“ სასტუმროს დატვირთულობა 100%-დან 50%-მდე შემცირდა, - ამის შესახებ BM.GE-ის „მგზავრების“ დამფუძნებელმა დავით ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია ბაკურიანში წყალმომარაგებასთან შესაძლო პრობლემების შესახებ ინფორმაციას ფლობდა და წყლის პრობლემა სამთო კურორტისთვის  ახალი არ არის.

„წყლის პრობლემა შარშანაც იყო, რა თქმა უნდა, ასეთი არა, მაგრამ გრაფიკით მოგვეწოდებოდა წყალი იანვარში. ყველაზე ბევრი დამსვენებელი ბაკურიანში 10 იანვრამდეა, როდესაც კურორტი 100%-ით არის დატვირთული და მერე უკვე იკლებს ხოლმე. ამ პერიოდში შარშანაც იყო პრობლემები არა ამ დოზით, მაგრამ შარშანდელთან შედარებით ბევრი ახალი კორპუსი დაემატა; მაგალითად, „რუმსი“ და ა.შ. და წყლის მომარაგების გაძლიერება არ მომხდარა. ამ დღეებში არამხოლოდ სასტუმროში განთავსებულმა სტუმრებმა დატოვეს დროზე ადრე სასტუმრო, არამედ ახალი ჯავშნებიც უქმდება.

სასტუმროს დატვირთულობა ახალ წელს 100% იყო, და გაუქმებული ჯავშნების გათვალისწინებით ალბათ 50%-მდე შემცირდა“, - განაცხადა დავით ცერცვაძემ.

სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ დამფუძნებლის თქმით, ბაკურიანში ინფრასტრუქტურა გაუმართავია და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან, უფრო მეტი თანხები უნდა იხარჯებოდეს.

„წყალმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობთ. ვიცოდით, რომ ამ პერიოდში იქნებოდა პრობლემები და ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები ცოტა ადრე უნდა დაწყებულიყო. ბაკურიანში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე: წყალზე, გზაზე, მეტი უნდა იხარჯებოდეს, ვიდრე კეთდება.

ჩვენ ვიცოდით, რომ ეს პრობლემა იქნებოდა. ალტერნატიული გზა არ გვაქვს. ყველა სასტუმროს აქვს რეზერვუარები, რომელთა შევსების შემთხვევაშიც 2 საათი ჰყოფნის სასტუმროს წყალი, 1-2 დღე და კვირები არ გვეყოფა. სასტუმროში წყალი ძირითადად აღდგენილია, იქით აპარტამენტებში, რომელსაც ჩვენ არ ვმართავთ, იქ წყალი სრულად არ აქვთ. სასტუმრო "პანორამას" აქვს კიდევ სერიოზული პრობლემები“, - ამბობს დავით ცერცვაძე.

რაც შეეხება სასტუმრო „მგზავრებს“ გუდაურში, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ გუდაურში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონიათ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები