მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მგზავრთა გადაყვანისთვის ნებართვის აღება სავალდებულო გახდება... მოხდება ავტოსადგურების სერტიფიცირებაც

644948288858e
BM.GE
26.04.23 20:17
826
„საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა მნიშვნელოვანი და კომპლექსური თემაა. მოქალაქეებს, მგზავრებს ეს საკითხი დიდი ხანია აწუხებს და აუცილებელია, საქართველო ამ მხრივაც მსოფლიო ცივილურ სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრირდეს" , - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრის მოადგილემ ქვეყნის შიგნით საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და ამ სფეროს მოწესრიგებისთვის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სექტორში დღესდღეობით არსებული გამოწვევები კომპლექსური სახისაა და მოიცავს არა მხოლოდ ავტოსადგურებს, არამედ გადამყვან ოპერატორებს, რომლებიც მგზავრებს ხშირად გაუმართავი, ან მეტიც, ისეთი ტრანსპორტით ემსახურებიან, რომელიც მგზავრთა გადასაყვანად საერთოდ არაა განკუთვნილი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ განიხილა. რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტოსადგურების სერტიფიცირება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რაც უზრუნველყოფს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ასევე შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. გარდა ამისა, რეფორმა მნიშვნელოვანია ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ის ხელს შეუწყობს სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას.

„პირველ ეტაპზე პარლამენტი ამ კანონს დაამტკიცებს, რისი მოლოდინიც ჩვენ 2023 წლის შემოდგომისთვის გვაქვს. 2024 წლის 1 მარტამდე კი იმ პირებზე, ვინც მგზავრების გადაყვანით არიან დაკავებულნი, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაიცემა შესაბამისი ნებართვა”,- განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ნებართვის მისაღებად აუცილებელი პირობებია:

- ტექინსპექტირება გავლილი სატრანსპორტო საშუალება;

- ავტომობილი მგზავრების გადაყვანისთვის უნდა იყო განკუთვნილი;

- წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია მარშრუტის შესახებ, ასევე ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ და ნარკოლოგიური კვლევის შედეგები;


რაც შეეხება ავტოსადგურებს:

- ისინი მოემსახურებიან მხოლოდ ნებართვის მქონე მგზავრთა გადამყვანს, ნებისმიერ ოპერატორს სიმძლავრის ფარგლებში. ასევე ავტოსადგური უნდა აკმაყოფილებდეს დღეისათვის მოქმედ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები