Microsoft AI-ის აღმასრულებელი დირექტორის მუსტაფა სულეიმანის ვარაუდით, მომდევნო 1.5 წელიწადში საოფისე სამუშაოების დიდი ნაწილი ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლდება.
როგორც მან განაცხადა, იურისტების, ბუღალტრების, პროექტის მენეჯერებისა და მარკეტოლოგების "პროფესიული ამოცანების უმეტესობა, თუ არა ყველა, მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის მიერ სრულად ავტომატიზდება".
Financial Times-თან ბოლო ინტერვიუში სულეიმანმა აღნიშნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია იმის მტკიცებულებაა, რომ ცვლილებები უკვე დაწყებულია.
"პროგრამული უზრუნველყოფის ბევრი ინჟინერი აცხადებს, რომ კოდის შექმნისას უმეტესწილად უკვე AI-ს დამხმარე კოდირებას იყენებენ," - თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს ტრანსფორმაცია "ბოლო ექვს თვეში" მოხდა.
სულეიმანმა, რომელიც Microsoft-ში სამომხმარებლო AI პროდუქტებისა და კვლევების მიმართულებას ხელმძღვანელობს, განმარტა, რომ ინჟინერთა როლები უფრო სტრატეგიული ფოკუსისკენ გადაიხარა, რაც მოიცავს კოდის გამართვას, ყურადღებით ანალიზსა და სისტემური არქიტექტურის შექმნას.
მისი თქმით, იგივე მოდელი გავრცელდება ე.წ. "თეთრი საყელოს" იგივე საოფისე სამუშაოებზეც, "სადაც კომპიუტერთან სხედხართ", განურჩევლად პროფესიისა.
დღევანდელ მოდელებს "შეუძლიათ კოდის წერა იმაზე უკეთ, ვიდრე ადამიანების უმრავლესობას, შესაძლოა ყველა მათგანსაც კი," - განაცხადა სულეიმანმა.
სულეიმანის პროგნოზი ემთხვევა კალიფორნიაში დაფუძნებული AI კომპანიის, Anthropic-ის აღმასრულებელი დირექტორის დარიო ამოდეის ბოლოდროინდელ კომენტარებს. ამოდეიმ განაცხადა, რომ AI მოდელებმა შესაძლოა, მალე გადაიბარონ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრების ამოცანების უმეტესობა, თუ არა ყველა. მისი ვარაუდით, ეს ცვლილება მომდევნო 6-12 თვეში მოხდება.




























