Microsoft-მა 23 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციები გამოაცხადა, რომლის ძირითადი ნაწილი ინდოეთისთვის არის განკუთვნილი. ამგვარად კომპანიამ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ციფრულ ბაზარზე ფსონი კიდევ უფრო გაზარდა.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სატია ნადელამ განაცხადა, საინვესტიციო პაკეტის ფარგლებში, Microsoft ინდოეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 17.5 მილიარდ დოლარს დახარჯავს, რაც მისთვის აზიაში განხორციელებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.
ამასთან, აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 3 მილიარდ დოლარს, რომლის შესახებაც Microsoft-მა მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.
ეს კომპანიას ინდოეთში “ქლაუდ” ტექნოლოგიების კუთხით ყველაზე მასშტაბურ წარმომადგენლობას შეუქმნის, ხოლო პირველი მონაცემთა ცენტრი ქვეყანაში 2026 წლის შუა პერიოდში ამოქმედდება.
Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში კანადაში 7.5 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
ინვესტიციის ფარგლებში შექმნილი ახალი სიმძლავრეები ექსპლუატაციაში 2026 წლის მეორე ნახევრიდან შევა, 2023-დან 2027 წლამდე პერიოდში კი მისი ჯამური ინვესტიცია კანადაში $19 მილიარდ კანადურ დოლარს მიაღწევს. Microsoft-მა ასევე განაცხადა, რომ კანადაში გააფართოებს თავის Azure Local-ის “ქლაუდ” სერვისსაც.




























