მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MicroStrategy ბიტკოინის შესაძენად $600 მილიონის ვალის აღებას გეგმავს

MicroStrategy

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია MicroStrategy დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 600 მილიონი დოლარის ვალის აღებას გეგმავს.

კომპანიის ხელმძღვანელის, მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია ათწლიან კორპორაციულ ობლიგაციებს გამოუშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს შეიძენს.

უნდა აღინიშნოს, რომ MicroStrategy ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია. საერთო ჯამში, კომპანია 193,000-მდე ბიტკოინს ფლობს, რაშიც თითქმის 6.1 მილიარდი დოლარია გადახდილი, ანუ ერთი ბიტკოინის შესყიდვის საშუალო ფასი 31,500 დოლარს შეადგენს.

თუკი ბიტკოინის მიერ 2024 წელს დაფიქსირებულ 69,000-დოლარიან ფასს გავითვალისწინებთ, MicroStrategy-ს საინვესტიციო პორტფელის შეფასება დაახლოებით 13 მილიარდ 300 მილიონ დოლარს შეადგენს, ანუ ინვესტიციის მოცულობა უმოკლეს პერიოდში გაორმაგებულია, რაც სხვა ნებისმიერ აქტივთან შედარებით ფენომენალური შედეგია.

მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის გაყიდვის პერსპექტივას არც განიხილავს. მისი განმარტებით, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.

სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები