ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა ინდოეთთან სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად გამარტივდეს.
ასე უპასუხა დავითაშვილმა BMG-ის მიერ დასმულ კითხვას - რატომ ვერ წყდება ვიზების საკითხი ინდოეთთან, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ სექტორი უკვე რამდენიმე წელია ამ პრობლემაზე საუბრობს.
„მიდის ინტენსიური მუშაობა, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს სავიზო რეჟიმი. მოხდა ელექტრონული პლატფორმის ჩამოყალიბება, თუმცა ეს საკმარისი არ არის ინდოეთთან მიმართებით. ამიტომ უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი არსებობს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა შესაბამის სამსახურთან, რომ სავიზო პროცედურები იყოს გამჭვირვალე და კომფორტული პოტენციური ვიზიტორებისთვის. ჩვენი დამოკიდებულებაა, რომ ინდოეთი არის საინტერესო ტურისტული ბაზარი, ამიტომაც ვიმუშავეთ „ინდიგოსთან“ და გაჩნდა პირდაპირი ფრენები ინდოეთთან.
ინდოეთიც და ჩინეთიც, ორი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა და ძალიან ბევრი ღონისძიება, აქტივობაა დაგეგმილი იმისთვის, რომ განვავითაროთ ეს ბაზრები. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ორივე ბაზარს ტურისტული კუთხით. ტრადიციული ბაზრების კუთხით მეტი აქტივობა მოგვიწევს იმისთვის, რომ გავანეიტრალოთ ის ეფექტი, რომელიც ისრაელთან დაკავშირებული შეიძლება იყოს. ამ მხრივ ტურიზმის ადმინისტრაციას საკმაოდ მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა აქვს მომავალი წლისთვის და დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით გაგიზიარებენ“, - განაცხადა დავითაშვილმა.