RENTALS-სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი, ზურაბ ერისთავი აცხადებს, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდი სიგნალია.
BMG-ის კითხვაზე, რამდენადაა მიმზიდველი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის, ზურაბ ერისთავი აღნიშნავს, რომ ინტერესი არის, რასაც მათ შორის ისიც მოწმობს, რომ მზარდია უძრავი ქონების კვირეულზე უცხოელი სტუმრების რაოდენობა. თუმცა მისივე თქმით, მეტი ინვესტორის მოსაზიდად, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური სტაბილურობაა მნიშვნელოვანი.
„ყოველწლიურად საქართველოსი ამ ღონისძიებაზე თითქმის ერთი თანრიგით მეტი ადამიანი ჩამოდის. უკვე 5 წელია ვესწრებით და ეს ზრდა ნამდვილად ხელშესახებია. გასულ წელს ღონისძიებას დაესწრნენ ამერიკის, ევროპის ასოციაციის პრეზიდენტები. წელს ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი გვყავს, რაც ცხადია მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ბიზნესის რუკაზე აქტიურ ადგილს იკავებს ნელ-ნელა. რაც კითხვას, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ, პირველ რიგში, ალბათ პოლიტიკური რყევებია ყველაზე საშიში. ნებისმიერი ინვესტორს, რომელიც განიხილავს ამ თუ იმ ქვეყანას, პირველ რიგში უყურებს მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ სურათს. ნებისმიერი რყევა მისთვის არის ძალიან ცუდი სიგნალი. დამერწმუნეთ, ინვესტორები არ იწყებენ სიღრმისეულ ძიებას პრობლემის შინაარსში. მათ პატარა სიგნალიც კი აფრთხობთ. ამიტომ, ჩვენთვის ამდენი ხნის განმავლობაში მიღწეული წარმატება, ნელ-ნელა მოტანილი ეს სიკეთე, პოლიტიკური რყევების გამო არ უნდა დავკარგოთ. ზოგადად, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო ალბათ ყველაზე მეტი სიყვარულით სარგებლობდა და დღესაც, ძალიან ბევრი ყოფილი რესპუბლიკის ინვესტორი ჩამოდის, ბევრი ევროპელი ინვესტორი ჩამოდის. ანუ აქტიურად არის საქართველოს მიმართ ინტერესი. მთავარია, რომ ჩვენი პროდუქტებით და ეკონომიკურ-პოლიტიკური გარემოთი ვიყოთ მზად ამისთვის“,- აღნიშნავს ზურაბ ერისთავი.
პოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად, ის ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია უფრო ცხადი იყოს დავებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან გაჭიანურებული სასამართლო დავები ინვესტორების ინტერესს ამცირებს.
„ზოგადი პრობლემა ისაა, რომ რა თქმა უნდა საჭიროა მეტი გარკვეულობა იმაში, თუ როგორ დგება სამართალი და თუ პრობლემა გაჩნდა, როგორ შეიძლება ინვესტორმა თავისი ქონება დაიბრუნოს, სასამართლოს მიმართოს. თუ ეს პროცესი წლები გაგრძელდა, ცხადია ეს ინტერესებს ამცირებს“,- თქვა ზურაბ ერისთავმა.
"ექსპო ჯორჯია" უძრავი ქონების კვირეულს მასპინძლობს. სამშენებლო მასალების და უძრავი ქონების 3-დღიანი გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი დღეს გაიხსნა. ორგანიზატორები 3 დღის განმავლობაში სტუმრებს 40 სხვა და სხვა ქვეყნიდან 220-მდე კომპანიას და მათ შეთავაზებებს ახვედრებენ.