საქართველო უძრავი ქონების ტოკენიზაციისთვის ემზადება. ეს ტექნოლოგია, რომლის მთავარი უპირატესობა წილობრივი საკუთრებაა, ნებისმიერი ტიპის ინვესტორს საშუალებას აძლევს, მცირე კაპიტალითაც კი გახდეს მაგალითად, ისეთი ძვირად ღირებული ქონების თანამფლობელი, რომელიც აქამდე მხოლოდ მსხვილი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
როგორც „თეთრი კვადრატისა“ და BK Holding-ის მმართველი პარტნიორი აცხადებს, აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გახდნენ უძრავი ქონების თანამფლობელები იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ არ აქვთ სრული ბინის შესაძენად საჭირო დიდი კაპიტალი.
“უძრავ ქონებაში ამონაგები საკმაოდ მაღალია, მაგრამ იმისათვის, რომ უძრავ ქონებაში მიიღოთ მონაწილეობა, საჭიროა საკმაოდ მსხვილი ინვესტიციის დაბანდება. საუბარია ათობით ათას ლარზე, შეიძლება ასობით ათას ლარზე. ყველას ამის საშუალება არ აქვს, ხომ?!
ტოკენიზაციის გზით შესაძლებელია, რომ ერთ აქტივზე გამოშვებული იქნეს ბევრი ციფრული ტოკენი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ ინვესტორს შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს ამ აქტივის შემდგომში გაყიდვიდან მიღებულ ამონაგებში ან მისი გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალში. რეალურად, დანაწევრების გზით, უფრო ფართო აუდიტორიას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს უძრავი ქონების მიერ შექმნილ ამონაგებში.
ეს ტექნოლოგია ყველა ტიპის ინვესტორისთვის ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა გადმოსახედიდან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ე.წ "რიტეილ" ინვესტორებისთვის, ანუ ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც აქვთ რამდენიმე ათასი ლარის დანაზოგი და არ შეუძლიათ ამ დანაზოგით შეიძინონ, მაგალითად, ერთი ბინა, მაგრამ უნდათ მონაწილეობა მიიღონ იმ ამონაგებში, რომელსაც ეს ბინა მოიტანს.
ასეთი ტიპის ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ არა ბინა, არამედ ამ ბინის უზრუნველყოფით გამოშვებული ტოკენები და შესაბამისად მიიღონ ფინანსური სარგებელი, თუმცა უფრო მსხვილი ინვესტორებისთვისაც საინტერესო იქნება ტოკენიზაციის გზით ფულის დაბანდება, მათ შორის უძრავ ქონებაშიც. რატომ? იმიტომ, რომ ტოკენიზაცია ამარტივებს ამ პროცესს ბევრად და ამცირებს დანახარჯებს, რომელიც დაკავშირებულია არა მარტო ინვესტირებასთან, არამედ შემდგომში ამ აქტივის ფლობასთან“,-აცხადებს ბურდილაძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ტოკენები გათანაბრდეს ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებთან როგორიც აქციები ან ობლიგაციებია და მათზეც ანალოგიური საგადასახადო პრინციპები გავრცელდეს, რაც მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს.
„იმისათვის, რომ ბოლომდე გამოვიყენოთ ტოკენიზაციის მიერ შექმნილი შესაძლებლობები, შესაბამისი რეგულაციებია მისაღები. პირველ რიგში, ტექნოლოგია არსებობს. შესაძლებელია, რომ უძრავი ქონების უზრუნველყოფით გამოშვებული ტოკენები დარეგისტრირდეს ბლოკჩეინში. რამდენადაც ვიცი, ბლოკჩეინის ტექნოლოგია საჯარო რეესტრში უკვე დანერგილია. შესაბამისად, შეიძლება კონკრეტული აქტივი თანამფლობელობაში ჰქონდეთ ტოკენის მფლობელ პირებს.
ამ კუთხით რეგულაციების დახვეწა მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. ამის გარდა, საგადასახადო კუთხითაც მნიშვნელოვანია დაიხვეწოს კანონმდებლობა. ჩემი აზრით, ტოკენები გათანაბრებული უნდა იყოს ფინანსურ ინსტრუმენტებთან, როგორიცაა აქციები ან ობლიგაციები. როგორც იბეგრება აქციების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები, მსგავსი დაბეგვრის პრინციპები უნდა იქნეს შემოღებული ციფრული აქტივების შემთხვევაშიც. ესეც ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში“,-აცხადებს ირაკლი ბურდილაძე.




























