მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში ობლიგაციების ტოკენიზაციის პირველი პრეცედენტი მალე გამოჩნდება - ეროვნული ბანკი

აბესაძე

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიების, მათ შორის ბლოკჩეინისა და ტოკენიზაციის დანერგვას აქტიურად უჭერს მხარს. როგორც სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, უახლოეს მომავალში ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციების ტოკენიზებული ფორმით გამოშვების პირველი პრეცედენტია მოსალოდნელი.

დავით აბესაძის განმარტებით, ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაში ინოვაციური ინსტრუმენტების მხარდაჭერა ერთ-ერთი დეკლარირებული მიზანია. ეს მოიცავს როგორც ობლიგაციების, ისე საინვესტიციო ფონდების ტოკენიზაციას. სებ-ის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი არ ფიქრობს, რომ ტოკენიზებული ინსტრუმენტები რაიმე ისეთ ახალ გამოწვევას შექმნის, რომელსაც ეროვნული ბანკის არსებული საზედამხედველო ჩარჩო ვერ გაუმკლავდება.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ინოვაციური პროდუქტების დანერგვას. ამის შესახებ განვაცხადეთ ჩვენს საზედამხედველო სტრატეგიაში, რომელიც ფარავს 2026-2028 წლებს. იქაც მითითებულია ჩვენი დეკლარირებული მიზანი, რომ მხარი დავუჭიროთ ინოვაციურ ინსტრუმენტებს. იქნება ეს ობლიგაციების ტოკენიზებული სახით გამოშვება ან მიმოქცევა, თუ საინვესტიციო ფონდების ტოკენიზებული ფორმით გამოშვება.

ნამდვილად, აღნიშნული ტრენდი მსოფლიოში არსებობს და ჩვენ ამ ტრენდის მიმდევრები კი არ უნდა ვიყოთ, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავეებიც შეიძლება ვიყოთ. საქართველოს აქვს ჯანსაღი პრეტენზია, რომ რეგიონში ერთგვარი ჰაბის ფუნქციაც შეასრულოს ფინანსური მიმართულებით და ამ სულისკვეთების შესაბამისია სწორედ ჩვენი ძალისხმევაც, რომ მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.

მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკს აქვს საზედამხედველო ინოვაციური Sandbox-ის რეჟიმი, რომლის ფარგლებში არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტები დაიტესტოს. ეს პროდუქტები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის შეიძლება იყოს კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტები.

ახლა ძალიან აქტუალურია ობლიგაციების ტოკენიზებული ფორმით გამოშვება და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე იქნება ამის კარგი პირველი პრეცედენტი ადგილობრივ ბაზარზე — გამოშვებული ობლიგაციის გატოკენებისა. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ ინოვაციური პროდუქტების კიდევ უფრო მეტ დანერგვას ბაზარზე. არა მხოლოდ ობლიგაციების სახით, სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის საინვესტიციო ფონდების სახითაც შესაძლებელია განხილულ იქნას ახალი ინოვაციური პროდუქტების დანერგვა.

ჩვენი მანდატი მოიაზრებს, რომ დაცული იყოს საცალო ინვესტორები, ბაზარი უნდა მოქმედებდეს გამჭვირვალედ და ქცევის კოდექსის სრული და განუხრელი დაცვით, რომელიც ვრცელდება ბაზრის მონაწილეებზე.

დღეს ჩვენი არსებული საზედამხედველო ჩარჩო სრულად შესაბამისია აპრობირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის. საქართველოს ეროვნული ბანკი არის ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო კომისიების ორგანიზაციის (IOSCO) წევრი. ამ ორგანიზაციას გააჩნია ბაზრის რეგულირების თავისი პრინციპები, რომლებსაც ჩვენ შევესაბამებით. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არ ვფიქრობ, რომ არსებითად ახალი რაიმე ტიპის გამოწვევას შექმნის ტოკენიზებული ინსტრუმენტები, რომელსაც დღეს ვერ უმკლავდება არსებული საზედამხედველო და მარეგულირებელი ჩარჩო”,-აცხადებს დავით აბესაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები