საქართველოს პრემიერმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას - ეთანხმება თუ არა CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლითაც გამოკითხულთა 69% რუსეთს მტრად მიიჩნევს.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ასეთ კვლევებს არ ენდობა. მისი თქმით, მთავარი მოცემულობა ქვეყანაში ის არის, რომ რუსეთს ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული და გლობალური ომის პარტიამ ქვეყანა 2022 წლიდან ომში ვერ ჩართო.
„ზოგადად, ასეთი კვლევები სანდო არ არის, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საქმეებს და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, ვინც საქართველოში პრობლემას ქმნის - ეს გლობალური ომის პარტიაა. ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალური ომის პარტიაში არ ვგულისხმობ აშშ-ს და ევროკავშირს. უბრალოდ, სამწუხაროდ, გლობალური ომის პარტიას პრინციპული გავლენა აქვს სახელმწიფო სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში და მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-სთან სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ამიტომ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ხვდება ყველაფერს. საზოგადოებას სწორი შეფასება აქვს ყველაფერთან დაკავშირებით. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ეთანხმება თუ არა გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციას, პრემიერმა უპასუხა: „მე ვეთანხმები იმას, რაც მოცემულობაა ამ ქვეყანაში. მოცემულობაა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და მეორე მოცემულობა არის ის, რომ 2022 წლიდან დღემდე გლობალური ომის პარტია კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას ცდილობდა. სამწუხაროდ, გლობალური ომის პარტიას არსებითი გავლენა აქვს ოფიციალურ სტრუქტურებზე და ამას მთელი საზოგადოება ხედავს, აქედან გამომდინარე ყველას შეეძლება საკუთარი დასკვნების გამოტანა“.