გამოკითხული მოსახლეობის 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. ამის შესახებ „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის გამოკითხვის შედეგებშია აღნიშნული, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან მოყოლებული მზარდია მოქალაქეების წილი, რომლებიც მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევენ. კერძოდ, 2021 წელს 66% ასახელებდა რუსეთს საქართველოს მთავარ მტრად, 2019 წელს - 49%, 2017 წელს - 40%, ხოლო 2015 წელს - 35%. მაჩვენებელი 2013 წელს 44% იყო.
რუსეთის შემდეგ, საქართველოს მთავარ მტრად მოქალაქეების 4%-ის მიერ აშშ სახელდება, 2% მტრად თურქეთს, 1% კი სომხეთს მიიჩნევს.
საქართველოს მთავარი მეგობრების ჩამონათვალში პირველ ადგილზე აშშ-ია, რომელიც მოსახლეობის 24%-მა დაასახელა. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 8%-ით და უკრაინა 7%-ით. თურქეთს და გერმანიას 4-4% ასახელებს ქვეყნის მეგობრად, 2% კი რუსეთს.
2024 წლის „კავკასიის ბარომეტრი“ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-12 ტალღას წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 1,509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.