მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიიღეთ 800 000 რუბლი" - რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად გაწვევის SMS-შეტყობინებებს იღებენ

რუსეთი სამხედრო გაწვევა

რუსეთის მოქალაქეები SMS-ის სახით უკრაინაში საბრძოლველად გაწვევის შეტყობინებებს იღებენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა Meduza წერს.

„გააფორმეთ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან: მაშინვე მიიღეთ 800 000 რუბლი [$9400] და სხვა ბენეფიტები. დარეკეთ 117-ზე“, - აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელსაც რუსული მედიის ცნობით, მოქალაქეები იღებენ.

ამასთან, გამოცემა Sota წერს, რომ მსგავსი შეტყობინება მიიღო მოქალაქემ, რომელიც „უცხოურ აგენტადაა“ გამოცხადებული.

როგორც დასავლელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რუსეთს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურად დაიწყო სამხედროების რეკრუტირება არმიაში, რათა ის დანაკლისი შეივსოს, რომელიც უკრაინაში მიიღო. თუმცა ამას აკეთებენ მობილიზაციის ახალი ტალღის გამოცხადების გარეშე, რათა ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა უკმაყოფილება არ გამოიწვიონ.

აღსანიშნავია, რომ 31 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, პერსონალი, რომელიც სამხედრო სამსახურის კონტრაქტს გააფორმებს 1 აგვისტოდან ერთწლიანი ვადით, ერთჯერადად სახელმწიფოსგან 400 000 რუბლს [$4700] მიიღებს.

მედუზას შეფასებით, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში ომის პერიოდში 120 ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები