Kaspi.kz-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ლომთაძემ ახალი ინოვაციური პროდუქტები წარადგინა. კერძოდ, საუბარია Kaspi Alaqan-ზე, რომელიც გადახდისა და ვერიფიკაციის სრულიად ინოვაციური მოდელია. მისი მეშვეობით, გადახდების განხორციელება ხელის გამოყენებით, ყოველგვარი პლასტიკური ბარათის, ტელეფონისა თუ ინტერნეტთან წვდომის გარეშე იქნება შესაძლებელი. უკონტაქტო სისტემა მომხმარებელს იმაზე მეტ უსაფრთხოებას სთავაზობს, ვიდრე მისი წინამორბედი Kaspi ID-ი. აღნიშნული სისტემების პრეზენტაცია ალმათიში მოხდა, ხოლო სცენაზე მისი დემონსტრაციისათვის MMA-ის ჩემპიონი, შავკატ რახმონოვი წარსდა.
როგორც ქართველმა მეწარმემ განაცხადა, სისტემით სარგებლობას ალმათიში მიმდინარე წლის დეკემბრიდან შეძლებენ, რის შემდეგაც იგი მთელს ყაზახეთში იქნება ხელმისაწვდომი.
ასევე წარადგინეს ორი ახალი ხელსაწყო, რომელიც კომპანიის პარტნიორებს ბიზნესის წარმოებაში დაეხმარება. პირველი გახლავთ Kaspi AI-ი, ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტი, რომელიც მომდევნო წლის იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი. მას შეუძლია უმოკლეს დროში შექმნას ინვენტარის სია, ისევე როგორც შექმნას შესაბამისი ფოტოები და ტექსტი ნებისმიერი პროდუქტისათვის.
მეორე ხელსაწყო - Outdoor Advertising, რომელიც ნოემბერში ჩაეშვა, Kaspi.kz-ის პარტნიორებს დაეხმარება, რომ მათი პროდუქციის რეკლამა ავტომატურად განათავსოს Kaspi-ის ეკოსისტემის მიღმა ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Google, Meta Ads (Facebook-ი და Instagram-ი) და TikTok-ი.




























