ყაზახურმა ფინტექ-გიგანტმა, Kaspi.kz-მა უკრაინული საგადახდო სერვისი Portmone Group გაყიდა. ინფორმაცია კომპანიის 2025 წლის წლიურ ანგარიშშია ასახული.
გარიგება 2025 წლის სექტემბერში შედგა, თუმცა მისი ფინანსური დეტალები არ საჯაროვდება. ანგარიშის თანახმად, კომპანიას გაყიდვიდან მნიშვნელოვანი მოგება არ მიუღია, Portmone-ს წმინდა აქტივები მიღებული ანაზღაურების სამართლიან ღირებულებასთან მიახლოებული იყო, რაც ნიშნავს, რომ გარიგება Kaspi-სთვის არც წამგებიანი ყოფილა და არც მოგებიანი.
საქმე ის არის, რომ Kaspi-მ Portmone 2021 წელს შეიძინა. მაშინ Forbes Ukraine-ი წერდა, რომ გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, 15 მილიონი დოლარი იყო.
კომპანიას უკრაინის ონლაინ გადახდების ბაზარზე შესვლა, საგადახდო ლიცენზიის მოპოვება და Visa-სა და Mastercard-ის აკრედიტაციის მიღება სურდა. ასევე, უკრაინა განიხილებოდა როგორც პოტენციური IT ჰაბი დეველოპერებისთვის.
კომპანია 2002 წელს იგორ გორინმა დააფუძნა. 2019 წლის მონაცემებით, სერვისს 5 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა.
ყაზახეთის საფონდო ბირჟის (KASE) მონაცემებით, Kaspi.kz-ის საკონტროლო პაკეტს ფლობენ Baring Funds (23.22%), მიხეილ ლომთაძე (22.58%) და ვიაჩესლავ კიმი (20.74%).




























