მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-ის წმინდა მოგება 2025 წელს 18%-ით გაიზარდა - როგორია ჯგუფის 2026 წლის გეგმები?

მიხეილ ლომთაძე

ყაზახურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ლომთაძემ ინვესტორებისთვის მიწერილ წერილში ხაზი გაუსვა, რომ კომპანიის მთავარი ამბიცია მომხმარებლების 100 მილიონამდე ზრდაა, რაც განსაზღვრავს ყველა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას.

2025 წლის შედეგების მიხედვით:

  • კომპანიის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა და 3.1 ტრილიონ ტენგეს მიაღწია
  • წმინდა მოგება 10%-ით გაიზარდა და 1.2 ტრილიონ ტენგე შეადგინა
  • „საბაზისო“ მაჩვენებლით (რეგულაციებისა და სხვა ფაქტორების გამოკლებით)
  • შემოსავალი 21%-ით გაიზარდა
  • წმინდა მოგება 18%-ით გაიზარდა

მხოლოდ მეოთხე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 854 მილიარდი ტენგე შეადგინა, რაც წლიურად 15%-ით მეტია, ხოლო წმინდა მოგებამ 319 მილიარდი ტენგე შეადგინა.

Kaspi-ის ეკოსისტემაში მომხმარებლების აქტივობა კვლავ მაღალია. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ერთ აქტიურ მომხმარებელზე საშუალოდ თვეში 77 ტრანზაქცია მოდის.

ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას თუ როგორ აპირებს კომპანია თურქეთში მასშტაბური ინვესტიციების ფონზე აქციონერებისთვის დივიდენდების გაცემას მიხეილ ლომთაძემ შემდეგი პასუხი გასცა

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრიორიტეტს მივანიჭებთ მაღალი ეფექტის მქონე საერთაშორისო შესაძლებლობებს, სადაც გვჯერა, რომ გრძელვადიანი ღირებულების შექმნა შეგვიძლია. Hepsiburada-ს შეძენის შემდეგ, ჩვენი მოლოდინით, უკვე შესაძლებელია მიზნობრივი ზრდის ინვესტიციების დაბალანსება და აქციონერებისთვის დივიდენდების განაწილების განახლება,“ - აცხადებს ლომთაძე.

2025 წლის განმავლობაში Hepsiburada-ზე შეკვეთების ზრდის დინამიკა თანდათან გაუმჯობესდა:

  • 2025 წლის I კვარტალი – -11%
  • II კვარტალი – +7%
  • III კვარტალი – +16%
  • IV კვარტალი – +19%

მეოთხე კვარტალში პლატფორმაზე თვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ე.წ. ჩართული მომხმარებლები - 29%-ით .

კომპანია გეგმავს აქციონერთა თანხმობით გადაიხადოს კვარტალური დივიდენდი 850 ტენგეს ოდენობით თითო ADS-ზე, რაც, მენეჯმენტის შეფასებით, მიმდინარე ბიზნესის მონაცემებიდან გამომდინარე, 2026 წლის განმავლობაში მდგრადი იქნება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კომპანიის შედეგებზე გავლენა მოახდინა გარე ფაქტორებმა: სმარტფონების გაყიდვების კლებამ (მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო), საგადასახადო ცვლილებებმა და სავალდებულო რეზერვების გაზრდამ. მიუხედავად ამისა, ლომთაძის თქმით, საბაზისო წმინდა მოგება წლიურად 18%-ით გაიზარდა, ხოლო კონსოლიდირებული წმინდა მოგება 10%-ით გაიზარდა.

2025 წელს კომპანიამ ასევე დაიწყო ბიომეტრიული გადახდის სერვისის Kaspi Alaqan (pay-by-palm) დანერგვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაიხადონ ხელისგულის სკანირებით.

სერვისი თავდაპირველად დაინერგა ალმათში, სადაც სამი თვის განმავლობაში:

  • 500 ათასზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა
  • დაახლოებით 6 ათასი სავაჭრო ობიექტი ჩაერთო სისტემაში
  • იმ მაღაზიებში, სადაც სისტემა ხელმისაწვდომია, ტრანზაქციების დაახლოებით 9% უკვე ხელისგულით გადახდაზე მოდის

კომპანია გეგმავს სერვისის გაფართოებას ყაზახეთის სხვა ქალაქებშიც 2026 წლის განმავლობაში.

Kaspi.kz 2026 წელს თურქეთის ბაზარზე ფოკუსირებას ინარჩუნებს. მიხეილ ლომთაძის თქმით, კომპანია არ გეგმავს „სწრაფი კომერციის“ მიმართულებით მოძრაობას, არამედ კომპანიის ფოკუსი იქნება სასურსათო ონლაინ ვაჭრობა, რომელიც უფრო მეტად არის მორგებული მსხვილ საოჯახო გაყიდვებზე.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს თურქეთში საბანკო ლიცენზიის მისაღებად. როგორც ლომთაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით დაგეგმილი 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია გათვალისწინებული იყო დივიდენდების განახლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაშიც.

ცნობისთვის: Kaspi.kz-ის ფინანსური ანგარიშგება IFRS-ის სტანდარტების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს როგორც ყაზახეთის, ისე თურქეთის ბაზრების მონაცემებს.

შეგახსენებთ, მიხეილ ლომთაძე ყველა რეიტინგის მიხედვით ყველაზე მდიდარი ქართველია. მისი ქონების შეფასება forbes-ის მიხედვით 6 მლნ აშშ დოლარია, Bloomberg-ის შეფასებით, მისი ქონება 5.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები