მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პირობით ჰპირდება

ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი მსჯავრდებულ პოლიტიკოსებს შეწყალებას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პირობით ჰპირდება. შესაბამისი განცხადება "ოცნების" პარლამენტის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე", - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციური პარტიების "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს ნიკა გვარამიას, კოალიცია "ახალის" ლიდერებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოალიციის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და ასევე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი 8-თვიანი. ყველა მათგანზე სასამართლომ განაჩენად 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავებაც აკრძალა. მიზეზი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობაა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავებას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები